2022 წლის პირველ და მეორე კვარტალში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში, შესაბამისად, 3,107 მლნ და 3,663 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც სრული წარმოების 27.9% და 35.3%-იან ზრდას წარმოადგენს წინა წლის იმავე პერიოდთან მიმართებით (2021 წლის პირველ კვარტალში (Q1) სრული წარმოება 2,429 მლნ კვტსთ-ს შეადგენდა, ხოლო მეორე კვარტალში (Q2) – 2,708 მლნ კვტსთ-ს). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას iset ავრცელებს.
2022 წლის პირველ კვარტალში წარმოების ზრდა დიდწილად თბო (+26.1%) და ჰიდროელექტროსადგურების (+30.1%) გამომუშავებული ენერგიის ზრდამ განაპირობა, რამაც დააკომპენსირა ქარის ელექტროსადგურების გამომუშავების 5.2%-იანი კლება. მეორე კვარტალში წარმოების ზრდა დაკავშირებულია თბო (120.2%) და ჰიდროელექტროსადგურების (27.3%) წარმოებული ენერგიის ზრდასთან, რამაც დააკომპენსირა ქარის ელექტროსადგურების გამომუშავების 12%-იანი კლება.
2022 წელს ელექტროენერგიის მოხმარება ადგილობრივ ბაზარზე პირველ კვარტალში 3,920 მლნ კვტსთ-ს გაუტოლდა, მეორე კვარტალში კი – 3,660 მლნ კვტსთ-ს (2021 წლის პირველ და მეორე კვარტალთან შედარებით, შესაბამისად, +13% და +9.9%). ენერგიის საერთო მოხმარებამ პირველ კვარტალში წარმოებას 813 მლნ კვტსთ-ით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 26.2%-ს შეადგენდა, ხოლო მეორე კვარტალში – 4 მლნ კვტსთ-ით, რაც სრული წარმოების 0.1%-ს გაუტოლდა. 2021 წლის პირველ კვარტალში სრულმა მოხმარებამ წარმოების 1,040 მლნ კვტსთ-ით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების დაახლოებით 42.8%-ს შეადგენდა, მეორე კვარტალში კი სრულ წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 623 მლნ კვტსთ-ის დეფიციტი გამოიწვია, რაც სრული წარმოების დაახლოებით 18.7%-ს შეადგენდა.