ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის მექანიზმით სახელმწიფო წინასწარ განსაზღვრული დროის შუალედში და გარკვეულ ფასად, გარკვეული მოცულობის ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულებას იღებდა. კომპანია კი თავის მხრივ, ვალდებული იყო უზრუნველყო ელექტროენერგიის მიწოდება გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებაში მითითებული პირობებით. შეგახსენებთ, რომ მოცემული მექანიზმი რამდენიმე წლის წინ გაუქმდა. როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, მისი გაუქმებისა და შემდგომში არ აღდგენის მიზეზი ხელისფულების მიერ აღებული კურსია, რომელიც საბაზრო მექანიზმებზე გადასვლას გულისხმობს, რაც საჭიროებდა სხვა მექანიზმების შემოღებას და არა PPA მეთოდის გაგრძელებას.
„PPA მექანიზმი, ანუ გარანტირებულ ფასად ელექტროენერგიის მექანიზმი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენთან მუშაობდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ბაზრის გახსნა და საბაზრო მექანიზმე გააკეთა არჩევანი, რა თქმა უნდა ეს PPA მექანიზმი წინააღმდეგობაში მოდიოდა ამ ყველაფერთან. რამდენიმე წელი იყო კიდეც გარდამავალი პერიოდი, როდესაც ჩვეულებრივ კვლევებზე და მშენებლობაზე მემორანდუმები ფორმდებოდა ფასის გარეშე. ახლა კი ეს ძველი მექანიზმი ჩაანაცვლა CFD მქანიზმა, რაც ნიშნავს ფასთა შორის სხვაობის დაფინანსების წესს. უფრო კონკრეტულად, იმ შემთხვევაში თუ საშუალო საბაზრო ფასი ნაკლები იქნება ინვესტორის მიერ შეთავაზებულ ფასზე, მაშინ მთავრობა ამ ფასთა შორის სხვაობას შეუვსებს ინვესტორს. პირველ აუქციონი 300 მეგავატზე იყო , თუმცა უფრო მეტ ენერგიაზეც დაიწყება აუქციონები, რადგან ეს საკმარისი არაა“. – ახადებს დავით ნარმანია.