თბილისი (BPI) – პრემიერი 2020 წლის ბიუჯეტს სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალულს და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტს უწოდებს.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, საფინანსო დოკუმენტში ასახულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელსაც ეყრდნობა მმართველი პოლიტიკური გუნდი. მისი თქმით, ამ ბიუჯეტის ეფექტიან შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის განვითარება 2020 წელს.
„გათვალისწინებულია მათ შორის იმ ჯგუფების ინტერესები, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ესენი არიან ბავშვები. რა თქმა უნდა, ასევე არიან ჩვენი პენსიონერები ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლებზეც ზრუნვის უდიდესი ვალდებულება გვაქვს. ასევე რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიქცეული მასწავლებლებზე, ექიმებზე, სამართალდამცველებზე და ჯარისკაცებზე. სწორედ ამიტომ, ამ ბიუჯეტის ძირითადი პრინციპი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები და ჩვენ ვთვლით, რომ ეს ის სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა ატაროს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტზე მუშაობა დღევანდელი საბოლოო განხილვით დასრულდება და პარლამენტს წარედგინება.