პრემიერი სებ-ის პრეზიდენტთან ერთად საქართველოში მოქმედი ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, საქართველოში მოქმედი ბანკების ხელმძღვანელებს, ბიზნესასოციაციისა და საბანკო ასოციაციის პრეზიდენტებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძისგან მოისმინა ეკონომიკური ვითარების მიმოხილვა და ეროვნული ბანკის პროგნოზები ლარის კურსთან დაკავშირებით.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებს და აღნიშნა, რომ იანვარში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც რეგიონში უპრეცედენტო მაჩვენებელია; ამასთან მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტი და დადებითი დინამიკაა ტურიზმის აღდგენის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ეს ტემპი არ შენელდეს, კიდევ უფრო გაიზარდოს და ამ პროცესში ბიზნესს განსაკუთრებული როლი ენიჭება.
პრემიერმა, საქართველოს მთავრობის სახელით, ბიზნესს სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფოს მიერ დაანონსებული პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაში, რომლებიც ეკონომიკური ზრდის წახალისებას და ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები – არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავა, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე, „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელი პირები.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …