პარლამენტმა “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

“თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ამ კანონპროექტის მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონპროექტი იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი ამ პრობლემასთან ბრძოლაში”,-განაცხადა პარლამენტის წევრმა, პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის განხილვისას.

“ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტს,  თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად დეპუტატებმა  მეორე მოსმენით  82  ხმით დაუჭირეს მხარი.

პროექტი, აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნების განსაზღვრას და მოთამაშის 25 წლამდე ასაკის აწევას ითვალისწინებს. ცვლილებები ასევე  განსაზღვრულია დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიის განმარტება, რეგულირდება ონლაინ თამაშების რეკლამირება,  აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ეკრძალებათ საჯარო მოხელეებს.

დავით სონღულაშვილის განმარტებით, პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, წარმოდგენილ ვარიანტში გათვალისწინებულია იურიდიული კომიტეტის შენიშვნები ტერმინოლოგიის დაზუსტების თვალსაზრისით, ასევე საკანონმდებლო ტექნიკისა და რედაქციული ხასიათის შენიშვნები.

გათვალისწინებულია მაუწყებლების შენიშვნაც და კანონპროექტში თავდაპირველად მითითებული ამოქმედების ვადად 2022 წლის 1 იანვრის ნაცვლად განისაზღვრება 2022 წლის 1 მარტით.

“კანონპროექტის მიზანია, რომ მაქსიმალურად შეეზღუდოს წვდომა იმ რისკ ჯგუფებს და იმ სეგმენტს, რომელიც არის ძალიან მოწყვლადი და არ მოხდეს წახალისება ამ სექტორის და ამ ბიზნესის. ძალიან მიკვირს, როდესაც უნდათ ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. იმისთვის, რომ ტელევიზიების ინტერესი ყოფილიყო გათვალისწინებული, შევეცადეთ მაქსიმალურად მიგვეცა ის მოცემულობა და ის დრო, რომელიც გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო. ჩვენი მხრიდან ამ საკითხთან მიმართებით, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ყველა შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, ის რიტორიკა, რომლითაც უნდათ კანონპროექტი დააზიანონ და საზოგადოებრივი აზრი შეცვალონ, ვერ მოხდება, რადგან თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ამ კანონპროექტის მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონპროექტი იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი ამ პრობლემასთან ბრძოლაში”,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …