იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამარტივებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც აღნიშნული კანონის იმ ნორმების მოქმედების ვადა, რომლებიც პანდემიით შექმნილი ვითარების სამართავად და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველადაა აუცილებელი, 2023 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.
არსებული რედაქციით, გასატარებელი დროებითი ღონისძიებების მოქმედების ვადა 2022 წლის 1 იანვარს იწურება.
„ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უმრავლესობა ამ კანონპროექტის ინიციატორია და ჩვენ ვადის გადაწევას ოპერატიული მართვის სასარგებლოდ ვითხოვთ. რაც შეეხება პარლამენტის უფლებრივ ნაწილს, თუ მთავრობას რაიმე დამატებითი ცვლილებების სურვილი ექნება, პარლამენტის გარეშე აღმასრულებელი ხელისუფლება მას ვერ განახორციელებს“, – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე, დავით სერგეენკო და ირმა ზავრადაშვილი.