პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან თითქმის 3 მლრდ დოლარის ექსპორტი გავიდა, 9 თვეში კი ქართული ექსპორტის ზრდამ 24% შეადგინა – ნათია თურნავა

საგარეო ვაჭრობის მონაცემებში, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა, საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საგარეო ვაჭრობის სექტემბრისა და იანვარ-სექტემბრის ექსპრეს მონაცემების შესახებ კომენტარისას განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან თითქმის სამი მილიარდი დოლარის ექსპორტი გავიდა და მიმდინარე წლის 9 თვეში ქართული ექსპორტის ზრდამ 24% შეადგინა.
„ასევე თუ შევადარებთ პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, 9%-იანი ზრდა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდა და აქედან გამომდინარე, კონკრეტულ პროდუქტებზე ინფორმაცია ჯერ არ ქვეყნდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სექტემბერში, ისევე როგორც წინა პერიოდში, ერთ-ერთ მთავარი ექსპორტიორი დარგი იყო დამამუშავებელი მრეწველობა, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება, – ქართული ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები და ასევე სამრეწველო პროდუქტები. ასევე, მთავარ ექსპორტიორ დარგებს შორისაა პირველადი სოფლის მეურნეობისა და სამთომოპოვებითი მრეწველობის პროდუქცია”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 12.8 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 373.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
სექტემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის სექტემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს. კერძოდ, 2021 წლის სექტემბერში ექსპორტი 2019 წლის სექტემბერის ექსპორტს 22.3%-ით, 68.1 მლნ. აშშ. დოლარით აღემატება.
სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.1 პროცენტით გაიზარდა და 1,299.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …