საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკო გაგუამ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის (BARTA) დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება, რომელიც 2019 წლიდან ყოველწლიურად იმართება, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობით და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდთან პარტნიორობით დაარსდა. ყოველწლიური ჯილდოს მიზანია კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
დაჯილდოების ცერემონია ნიკო გაგუამ გახსნა და ისაუბრა BARTA-ს ჯილდოს მნიშვნელობაზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოში გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაში BARTA-ს განსაკუთრებულ წვლილზე.
“კომპანიებში გამჭვირვალობის ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ეროვნულმა ბანკმა ჩვენი წილი აგური დავდეთ ამ საქმეში. სასიამოვნოა, რომ წლიდან წლამდე კონკურსში მონაწილე კომპანიების რაოდენობა და მათი გამჭვირვალობის ხარისხი მუდმივად იზრდება. საერთო ძალისხმევის შედეგად, საქართველოში გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი მკვიდრდება, რაშიც განსაკუთრებული წვლილი BARTA-ს მიუძღვის. სწორედ ამიტომ, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა პროექტის ორგანიზატორებს, პარტნიორებს და ჩართულ მხარეებს. შეიძლება ითქვას, რომ BARTA-ს დაჯილდოება წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის მდგრადი განვითარების კუთხით. როდესაც საქმე ეხება ფინანსურ ბაზრებს და ურთიერთობების ეთიკურობას, კომპანიათა გამჭვირვალობის სტანდარტი ნდობის მაღალი ხარისხის საფუძველია. შესაბამისად, როდესაც კომპანიის ფინანსური და მმართველობის ანგარიშგება ნათლად გადმოსცემს ორგანიზაციის ხედვებს, მიზნებს, რისკების შეფასებას თუ შიდა პოლიტიკას, ეს ინვესტორთა და მომხმარებელთა ნდობას ზრდის”, – განაცხადა ნიკო გაგუამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების, მარეგულირებელი ორგანიზაციების, საკონსულტაციო და აუდიტორული ფირმების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა და ევროკავშირის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების მოქმედმა ხელმძღვანელმა კატალინ გერმანმა.