ნიკოლოზ გამყრელიძე კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის შუალედურ ანგარიშს აფასებს. როგორც “საქმის კურსთან” საუბარში “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე განმარტავს, კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საკმაოდ სტრუქტურირებულია, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯია გაჟღერებული.
“ნაწილობრივ იმ რეკომენდაციებს, რაც აქ არის მეც ვეთანხმები, როგორც ამ სექტორის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქ, რომ ხაზგასმით წერია – მედიკამენტებზე ფასების ზრდა, ძირითადად განპირობებულია ლარის დევალვაციით. ასევე, აბსოლუტურად სწორი რეკომენდაციაა, რომ მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ე.წ. ჯენერიკებზე, რომელიც ფასით მეტად ხელმისაწვდომია. ამოცანა გვაქვს საერთო, რომ მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გავზარდოთ მედიკამენტებზე. ეს გამოწვევა არის და თვალი უნდა გავუსწოროთ. მაგალითად, დღეს აფთიაქში რომ შეხვალთ, ერთი და იგივე აქტიური ნივთიერების შეიძლება ათი დასახელების მედიკამენტი იყოს და რომლის ფასიც მერყეობდეს 1 დან 10 ლარამდე.
ეს ვერ იქნება მარტო კერძო სექტორის ამოცანა, ეს უნდა იყოს ერთობლივი, სახელმწიფოს და კერძო სექტორის ამოცანა, რომ ამაზე ცნობადობა გაიზარდოს. სარეკლამო კლიპიც ჩაეშვა ჩვენი და პლატფორმა „სანდო“ გავუშვით, სადაც მოქალაქეს ამა თუ იმ მედიკამენტის ფასით და აქტიური ნივთიერების მიხედვით შედარება შეუძლია. ეს არის საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც ადამიანი ღიად ხედავს ესა თუ ის აქტიური ნივთიერება რა ბრენდული დასახელებით იყიდება და შესაბამისად რა ფასით. ეს პროპაგანდა, კარგი გაგებით, უნდა გააქტიურდეს, რომ მოსახლეობამდე მივიდეს, იმიტომ რომ აქ ინფორმაციული ასიმეტრია საკმაოდ დიდია და ექიმების როლი, ვინც რეცეპტს წერს საკმაოდ დიდი არის და ამაშიც ვეთანხმები სააგენტოს დასკვნას, რომ ხშირად პაციენტი არაინფორმირებულ გადაწყვეტილებას იღებს ან იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არის ექიმის მიერ ნაკარნახევი”, განმარტავს ნიკოლოზ გამყრელიძე.
“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში ვხედავთ, რომ ჯენერიკების პოპულარიზაცია ცალსახად სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთად მუშაობით შეიძლება და ამით ხელმისაწვდომობის გაზრდა ნამდვილად მოხდება.
“დღეს მოცემულობაა, რომ ბაზრის ყველა დიდი მოთამაშე ე.წ. ჰოლდინგური სტრუქტურით ოპერირებს, მაგრამ აქ უნდა დავსვათ კითხვა – რას უშლის ხელს ეს ჰოლდინგური სტრუქტურა?! საუბარია, რომ პოტენციურად ამან შესაძლოა ექიმსა და ფარმაცევტს შორის გარიგებას შეუწყოს ხელი. როგორც ჩანს ბაზარზე მსგავსი პრაქტიკები არსებობს, მაგრამ კითხვა უნდა დავსვათ ჰოლდინგი, რომ არ იყოს ეს გარიგებები არ მოხდებოდა? დამერწმუნეთ, რომ მოხდებოდა და ვინც ამ სფეროში მუშაობს ყველამ კარგად იცის ეს გარიგებები სად, რა დონეზე ხდება და ყველამ კარგად იცის, რომ ჰოლდინგების გამო არ ხდება. ეს გარიგებები ხდება, ძირითადად, მარკეტინგულ კომპანიებში. მულტინაციონალურ დიდ კომპანიებს მედიკამენტის გაყიდვისას ექიმთან გარიგებაში შესვლაზე მკაცრი კონტროლი აქვთ დაწესებული. საქართველოს ბაზარზე არიან კომპანიები – ეგვიპტური, ინდური, თურქული, რომლებსაც ამ საკითხთან მიმართებით მკაცრი პოლიტიკა არ აქვთ და თუ ასეთი გარიგებები ხდება და უნდა ვაღიაროთ, რომ, სამწუხაროდ არის ესეთი შემთხვევები, ეს ძირითადად ხდება ამ ნაკლებად ცნობადი კომპანიების მიერ, რომ მათი ნაკლებად ცნობადი მედიკამენტი გაყიდვადი გახადონ. ეს ნაკლებად ხდება ქსელების მიერ. იმიტომ რომ ქსელი არის დისტრიბუტორი, იქ რაზეც მოთხოვნა არის ის უნდა იდოს თაროზე გასაყიდად.
კონკურენციის სააგენტოს კვლევაშიც არის მოხსენიებული და ამაზე არაეთიკური ცოტა რამ არის, როცა ექიმი იღებს გადაწყვეტილებას სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი ფინანსური ინსენტივის გამო, ამიტომ ამაზე კონტროლი და აღსრულება უნდა გამკაცრდეს. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, რომელიც ყველა მიმართულებით ოპერირებს, მომხრეა რომ მსგავს გარიგებებზე მარტივი – 500-1000-ლარიანი ჯარიმები კი არა, თუ საჭიროა სამართლებრივი დევნა უნდა იყოს, რადგან ეს კორუფციული გარიგებაა.
მიზანი არის საერთო და არის ხელმისაწვდომობის გაზრდა. კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში ვხედავ, რომ ჯენერიკების პოპულარიზაცია ცალსახად სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთად მუშაობით შეიძლება და ამით ხელმისაწვდომობის გაზრდა ნამდვილად მოხდება. ჩვენმა კომპანიამ 2016 წელს დანერგა ელექტრონული რეცეპტები, სამწუხაროდ ამის საკანონმდებლო აღსრულება ჯერ ვერ მოხერხდა. ესე თუ მოხდა, აღნიშნული მიეხმარება ხელმისაწვდომობის გაზრდას და აბსოლიტურად ვეთანხმები სააგენტოს ამ ინიციატივას. აქ იყო საუბარი ჰოლდინგებზე, მე შეიძლება ვარ მხარე ამ შემთხვევაში და ამ პოზიციით ვაფასებ, მაგრამ რას შეუწყობს ხელს ჰოლდინგური სტრუქტურების დაშლა ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, რომ არ წარმოვქნათ დამატებითი ტვირთი, რომელსაც კიდევ თავისი ფასი ექნება“, – აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ გამყრელიძე.