ნაღდი ფულის მიმოქცევის და მართვის თემაზე საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

თბილისი (BPI) – 14-16 მაისს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, კომპანია “Currency Research”, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანაორგანიზებით ნაღდი ფულის მიმოქცევისა და მართვის თემებზე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროპისა და რეგიონის ცენტრალური და კომერციული ბანკების, ასევე ფულის მწარმოებელი, დამხარისხებელი და ამ სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები. 

ღონისძიება წელიწადში ერთხელ რეგიონების მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. წელს პირველად, ICCOS Europa – ს მასპინძელი საქართველოა.

შეხვედრის მონაწილეებს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ბურკიაშვილმა მიმართა, რომელმაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და პროექტებზე ისაუბრა.

“მოხარულნი ვართ, რომ პირველად რეგიონის მასშტაბით, საქართველოა ICCOS Europa-ს მასპინძელი. აღნიშნული კონფერენცია არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებულ მხარეს გააცნოს ნაღდი ფულის მართვის სფეროში არსებული პერსპექტივები, იდეები, თანამედროვე ტექნოლოგიები, სტრატეგიები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით საქართველოს ეროვნული ბანკის მიღწევები ამ მიმართულებით და გავუზიარეთ მათ ჩვენი გამოცდილება.  შეგახსენებთ, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა დსთ-ს სივრცეში, რომელსაც ევროსტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკასო ცენტრი აქვს. 

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ და იმსჯელონ ნაღდი ფულის მართვისა და საგადახდო სფეროში არსებულ გლობალურ ტენდენციებზე, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ქვეყნების გამოცდილება და ამ სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმები. ასევე, შეხვდნენ ნაღდი ფულის მართვასთან  დაკავშირებულ კომპანიებს  და ადგილზე გაეცნონ მათ პროდუქტებსა და მომსახურებებს.

ვიმედოვნებ, რომ ამ პრესტიჟული ღონისძიების შემდგომ საქართველო კიდევ არაერთი შეხვედრის მასპინძელი იქნება“, – განაცხადა ვახტანგ ბურკიაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეები საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან სამუშაო პროცესს.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …