ნათია თურნავა ქართველი მეზღვაურების დასაქმებას მთავრობის პრიორიტეტად აღიარებს

თბილისი (BPI) – ქართველი მეზღვაურების დასაქმება მთავრობის პრიორიტეტია, – განაცხადა ნათია თურნავამ ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში საბერძნეთის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მეზღვაურის პროფესია ერთ-ერთი მოთხოვნადია საზღვარგარეთ და სასიხარულოა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ათასობით ჩვენი მეზღვაური მსახურობს.

მინისტრის განცხადებით, პროფესიონალ, მამაც ქართველ მეზღვაურებზე საზღვარგარეთ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

„ასამბლეის ფარგლებში ათამდე სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრს ვხვდები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან თავიანთ ქვეყნებში საზღვაო ინდუსტრიაზე. ყველა შეხვედრაზე საუბარი მაქვს, თუ როგორც შევუწყოთ ხელი ქართველი მეზღვაურების დასაქმებას მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ასამბლეის ფარგლებში ხელი მოეწერება მემორანდუმს ბრაზილიის საზღვაო ადმინისტრაციასთან, რაც ქართველ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს დაშვება ჰქონდეთ ბრაზილიის დროშით მცურავ რვაასამდე გემზე.

„ასევე ვხვდებით და ვაღრმავებთ ურთიერთობას გერმანიის საზღვაო ასოციაციასთან, გერმანული დროშით მცურავ სამი ათასზე მეტ გემზე მსახურობენ უკვე ჩვენი მეზღავურები. თუმცა, გვინდა, კიდევ უფრო მეტი მეზღვაური დასაქმდეს. ეს ნაბიჯები მიმართულია ჩვენი მეზღვაურების უკეთესი დასაქმების პირობებისკენ და უფრო ფართო დასაქმებისკენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში იწყება ბათუმის საზღვაო აკადემიის გაფართოების და ფოთში მისი ფილიალის გახსნის პროექტი.

„ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი მეზღვაურების მომზადების, გადამზადებისა და ტრენინგების პლატფორმა და კიდევ უფრო მეტი მაღალკვალიფიციური მეზღვაური დავასაქმოთ საერთაშორისო ბაზარზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …