ნათია თურნავა საქართველოში ბიზნესის კეთების უპირატესობად ქვეყნის მდებარეობას და დაბალი გადასახადებს მიიჩნევს

თბილისი (BPI) – “საქართველოში ბიზნესის კეთების ორი მთავარი უპირატესობაა – ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და დაბალი გადასახადები,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს. მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და ასევე ყურადღება საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წამყვან პოზიციებზე გაამახვილა.

როგორც ნათია თურნავამ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2018 წელს ეკონომიკური ზრდა მდგრადი იყო და ყველა უკანასკნელი შეფასებით 2019 წელს საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი (4.6% -ით) ექნება.

„საქართველო, 3,7 მილიონიანი მოსახლეობით, შეიძლება არ მოგეჩვენოთ მომგებიან ბაზრად. თუმცა, თუ საქართველოს შეხედავთ, როგორც რეგიონალურ ჰაბს, მაშინ  ვითარება სულ სხვანაირი იქნება. ჩვენ ვხედავთ საქართველოს, როგორც კარიბჭეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ ცენტრალურ აზიის, ევროკავშირის, შემდეგ კი დასავლურ და აღმოსავლეთის ბაზრებზე,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში ინვესტორებს შეუძლიათ ისარგებლონ 2,3 მილიარდიან ბაზარზე წვდომით საბაჟო ტარიფების გარეშე და ამ შესაძლებლობას ქმნის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჩინეთთან, (მათ შორის ჰონკონგთან), EFTA-სა და დსთ-ს ქვეყნებთან, უკრაინასთან და თურქეთთან და სხვ.

საინვესტიციო ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …