მცენარეული ზეთის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა – FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი იანვარში

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის ხუთი ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი და ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, იანვარში 1.1 %-ით გაიზარდა და 135.7 ქულა შეადგინა.
იანვრის თვეში, FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა, საერთო ჯამში, უმნიშვნელოდ, 0.1%-ით მოიმატა დეკემბერთან შედარებით. ხორბლის ფასმა მსოფლიო ბაზრებზე დაიწია 3.1%-ით, რაც ავსტრალიასა და არგენტინაში ხორბლის უხვი მოსავლით არის გამოწვეული. სიმინდის ფასი გაიზარდა 3.8%-ით. ამ მაჩვენებელზე სამხრეთ ნახევარსფეროში ნალექის ნაკლებობა და გვალვის საშიშროება მოქმედებს. გაიზარდა ბრინჯის ფასიც და, დეკემბერთან შედარებით, 3.1%-ით მოიმატა.
FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმა, წინა თვესთან შედარებით, 4.2%-ით მოიმატა და ისტორიულად რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ფასმა პალმის, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის ზეთზე. პალმის ზეთის შემთხვევაში, ფასები ინდონეზიიდან ექსპორტის შემცირების მოლოდინის გამოა გაზრდილი, რაფსის და მზესუმზირის ზეთებზე ფასების ზრდა კი მომატებული მოთხოვნის და შემცირებული მარაგითაა განპირობებული. ყველა სახეობის ზეთის ფასზე მოქმედეს ნავთობის გაძვირებაც.
FAO-ს რძის პროდუქტების ფასის ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 2.4 %-ით გაიზარდა, წინა წლის იანვართან შედარებით კი – 18.7%-ით. გაძვირება, უმეტესწილად, რძის ფხვნილის და კარაქის ფასებს შეეხო და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში წარმოების კლებით და ოკეანიის ქვეყნების მიწოდების შემცირებული მაჩვენებლით არის გამოწვეული. რძის ნაწარმის ფასზე COVID-19-ითგამოწვეული პანდემიის შედეგად სატრანსპორტო შეფერხებები და მუშახელის ნაკლებობაც მოქმედებს.
FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი დეკემბერთან შედარებით უმნიშვნელოდ გაიზარდა, 2021 წლის იანვართან მიმართებაში კი ზრდამ 17.3%-ს მიაღწია. ფასების ზრდაზე ზეგავლენას ახდენს მაღალი საერთაშორისო მოთხოვნა, განსაკუთრებით, ბრაზილიასა და ოკეანიის ქვეყნებში მსხვილფეხა რქოსანთა ხორცის ექსპორტის მოლოდინის შემცირება. ღორის ხორცის ფასმა უმნიშვნელოდ მოიმატა. შემცირებულია ცხვრის და ფრინველის ხორცის ფასი, რაზეც მაღალი საექსპორტო შეთავაზება, პანდემიის გამო, ტრანსპორტირების შეფერხებამ და ფრინველის ხორცის მწარმოებელ რიგ ქვეყნებში ფრინველის გრიპის გავრცელებამ გამოიწვია. 3.1%-ით შემცირდა FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით. შაქრის ფასი უკვე მეორე თვეა მცირდება და გასული ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. შაქრის გაიაფებაზე ინდოეთსა და ტაილანდში უხვი მოსავალი და ბრაზილიაში წამოსულმა წვიმებმა იმოქმედეს

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …