მსოფლიოში 7 ადამიანიდან 6 დაუცველობას განიცდის – UNDP-ის ახალი ანგარიში

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ახალი გლობალური ანგარიში „ადამიანური დაცულობა ანთროპოცენის ეპოქაში“ გამოაქვეყნა. ამ გლობალური კვლევის თანახმად, ბოლო ათწლეულების მანძილზე, მსოფლიოში ადამიანური განვითარების მაჩვენებლების ზრდა აღინიშნებოდა, თუმცა ამას დაცულობისა და უსაფრთხოების განცდის გამყარება არ მოჰყოლია.

UNDP-ის კვლევა აჩვენებს, რომ დაცულობის განცდა დაბალია თითქმის მთელს მსოფლიოში, მათ შორის, ეკონომიკურად შეძლებულ საზოგადოებებშიც. ათი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, ადამიანების შფოთვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი მატულობს.

ამ გამოწვევის საპასუხოდ, აუცილებელია ადამიანებსა და ქვეყნებს შორის სოლიდარობის გაზრდა და განვითარების მიმართ ახალი მიდგომების გამონახვა. ამის შედეგად, ადამიანები შეძლებენ ღირსეულ არსებობას დაუკმაყოფილებლობის, შფოთვისა და შიშის განცდის გარეშე.

„კეთილდღეობის გლობალური მაჩვენებელი დღეს იმდენად მაღალია, როგორც არასდროს. თუმცა, ადამიანები მომავალს მაინც შიშით უყურებენ. სავარაუდოდ, ეს პანდემიის შედეგია“, – განაცხადა UNDP-ის ადმინისტრატორმა აჰიმ შტაინერმა.

„კაცობრიობა ცდილობს, რომ ეკონომიკის შეუზღუდავ ზრდას მიაღწიოს, მაგრამ ამ გზაზე თავის ბუნებრივ გარემოს ანგრევს. ჩვენ ასევე არ ვზრუნავთ უთანასწორობის შემცირებაზე, როგორც ქვეყნების შიგნით, ისე ქვეყნებს შორის. დროა თვალი გავუსწოროთ ამ რეალობას, ვაღიაროთ, რომ გაუსაძლისი სტრესის პირობებში ვარსებობთ და ხელახლა გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს პროგრესი სინამდვილეში. მსოფლიოს სჭირდება განვითარების ახალი მოდელი, რომელიც ჩვენი პლანეტის დაცვისა და აღდგენის იდეის გარშემო იქნება აგებული და ამავდროულად, ყველა ადამიანისთვის ახალი და მდგრადი შესაძლებლობების შექმნას უზრუნველყოფს“, – დასძინა აჰიმ შტაინერმა.

UNDP-ის კვლევის შედეგებით ასევე ირკვევა, რომ პანდემიის ფონზე, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლიობა და ადამიანური განვითარების სხვა მაჩვენებლები მეორე წელია კლებულობს. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომავალი ათწლეულების მანძილზე სწორედ კლიმატის ცვლილება იქნება. ემისიების ნაწილობრივი შემცირების მიუხედავად, ამ საუკუნის ბოლომდე, გლობალური ტემპერატურის ცვლილებასა და ამ პროცესის თანმხლებ მოვლენებს, შესაძლოა, 40 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს.

UNDP-ის ანგარიში განიხილავს კაცობრიობის განსაკუთრებით მძაფრი საფრთხეების მთელ ჯგუფს, რომელმაც გასული წლების მანძილზე კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა. აქ შედის ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, მზარდი უთანასწორობა, კონფლიქტები და ჯანდაცვის სისტემების არსებული შესაძლებლობები, სათანადო პასუხი გასცენ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა COVID-19-ის პანდემია.

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ საფრთხეებთან გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანთა დაცულობა, გაძლიერება და სოლიდარობა გათვალისწინებული იქნება პოლიტიკის შექმნისას. ამის შედეგად, ადამიანთა უსაფრთხოება, პლანეტის დაცვა და ადამიანური განვითარება ერთ წრედ შეიკვრება და იმუშავებს ერთიანად და არა ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. ასეთი პოლიტიკის შემთხვევაში, ერთი პრობლემის გადაწყვეტა სხვა პრობლემებს აღარ გაამწვავებს.

„გლობალური სოლიდარობისა და საერთო დაცულობის იდეა ანგარიშში ხაზგასმული პრაქტიკული ქმედების ძირითადი ელემენტია. საერთო დაცულობის კონცეფცია გულისხმობს, რომ ცალკეული საზოგადოება ბოლომდე დაცული ვერ იქნება, თუ მეზობელი საზოგადოებებიც დაცულები არ არიან. მიმდინარე პანდემია ამის ნათელი მაგალითია. ცალკე აღებულ ქვეყნებს უბრალოდ ძალა არ შესწევთ კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელება საკუთარი საზღვრებით შეაჩერონ“, – აღნიშნა ასაკო ოკაიმ, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ და UNDP-ის კრიზისების ბიუროს დირექტორმა.

UNDP-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დაუცველობის განცდა უშუალო კავშირშია ნდობის შემცირებასთან. ადამიანები, რომელთაც დაუცველობის ძლიერი განცდა ახასიათებთ, სხვებს სამჯერ ნაკლებად ენდობიან.

UNDP-ის ანგარიშის „ადამიანური დაცულობა ანთროპოცენის ეპოქაში“ სხვა მიგნებები:

  • მაღალგანვითარებული ქვეყნები უფრო მეტად იყენებენ პლანეტაზე განხორციელებული წნეხის შედეგად მიღებულ სარგებელს, მაგრამ ნაკლებად განიცდიან ამ პროცესის უარყოფით შედეგებს. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო აღრმავეს ქვეყნებს შორის ისედაც არსებულ უთანასწორობას.
  • დაახლოებით 1.2 მილიარდი ადამიანი მსოფლიოში კონფლიქტით დაზარებულ რეგიონებში ცხოვრობს. აქედან, დაახლოებით ნახევარი (560 მილიონი) ცხოვრობს ქვეყნებში, რომლებიც, ტრადიციული გაგებით, მოწყვლადი ქვეყნების რიცხვს არ მიეკუთვნება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კონფლიქტის მიმართ დაუცველი ქვეყნების განმარტება გადახედვას საჭიროებს.
  • 2021 წელს, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლიობის გლობალური მაჩვენებელი კლებას განაგრძობდა. ეს ტენდენცია უკვე მეორე წელია აღინიშნება და კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. პანდემიის წინა პერიოდთან შედარებით, სიცოცხლის ხანგრძლიობა საშუალოდ წელიწადნახევრით შემცირდა. ეს იმის ფონზე მიმდინარეობს, რომ მთელს მსოფლიოში, მთლიანი შიდა პროდუქტი უპრეცედენტოდ გაიზარდა, ხოლო COVID-19-ის ვაქცინები ფართოდ ხელმისაწვდომი იყო ქვეყნების უმეტესობაში.
  • სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებს შორის საგრძნობი განსხვავება აღინიშნება, რომელიც დღითიდღე ღრმავდება. ჯანდაცვის უნივერსალიზმის ინდექსის მიხედვით, დაბალი და მაღალი ადამიანური განვითარების მქონე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს შორის განსხვავება კიდევ უფრო გაიზარდა 1995-2017 წლებში.

ადამიანური დაცულობის კონცეფცია ადამიანური განვითარების ანგარიშში პირველად 1994 წელს იყო ნახსენები. ამ ხედვის მიხედვით, ადამიანური დაცულობა არა მხოლოდ ტერიტორიულ უსაფრთხოებას, არამედ საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ღირსებასა და სოციალურ დაცულობას ეყრდნობა.

ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია UNDP-ის გლობალურ ვებ-გვერდზე.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …