მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და სებ-ს გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რითაც შესაძლებელი გახდება მიღწეული ვითარების შეუქცევადობის უზრუნველყოფა – ბიზნესი

ყველასთვის ცხადია, რომ ლარის კურსის გამყარება და მისი შემდგომი სტაბილურობა გამოიწვევს ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრის გაუმჯობესებას, მათ შორის ხელს შეუწყობს ინფლაციის მოთოკვას, აღნიშნულია საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) განცხადებაში. მათივე განმარტებით, ლარის გამყარება და მისი კურსის სტაბილურობა პოზიტიურ ზეგავლენას იქონიებს მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესებაზე, ეკონომიკურ აგენტებში პოზიტიური განწყობების ჩამოყალიბებაზე, რისი შედეგიც, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის ზრდა იქნება.

“გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ლარის გამყარება და მისი კურსის შემდგომი სტაბილურობა უმნიშვნელოვანესი პროცესია ბიზნეს სექტორისთვის, ისევე როგორც, ჩვენის ღრმა რწმენით, ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის.

აღსანიშნავია, რომ BAG ინდექსისა თუ ასოციაციის მიერ ნაწარმოები ყველა სხვა ტიპის კვლევის შედეგების მიხედვით, უკანასკნელ წლებში ბიზნეს საქმიანობის ხელისშემშლელ უმთავრეს ფაქტორად მუდმივად სახელდებოდა გაუფასურებული და არასტაბილური ლარის კურსი. იგი უაღრესად უარყოფითად აისახებოდა კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე, ხელს უშლიდა მათ ზრდა-განვითარებასა და მძიმე და არამიმზიდველ ვითარებაში აგდებდა კომპანიების ფინანსურ უწყისებს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული გამოწვევა, რომლის წინაშეც ბიზნეს სექტორი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იდგა, დაიძლევა და გაგრძელდება ლარის გამყარების მიღწეული დინამიკა. ყველასთვის ცხადია, რომ ლარის კურსის გამყარება და მისი შემდგომი სტაბილურობა გამოიწვევს ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრის გაუმჯობესებას, მათ შორის ხელს შეუწყობს ინფლაციის მოთოკვას.

ამასთან, ლარის გამყარება და მისი კურსის სტაბილურობა პოზიტიურ ზეგავლენას იქონიებს მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესებაზე, ეკონომიკურ აგენტებში პოზიტიური განწყობების ჩამოყალიბებაზე, რისი შედეგიც, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის ზრდა იქნება. აქვე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ საქართველოს ბიზნესასოციაციის არაერთი შეფასებით, საქართველოს რეალობაში ლარის კურსი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორი არ არის, მისი გაუფასურება და არასტაბილურობა კი უაღრესად მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესს და, შესაბამისად, ეკონომიკას.

ლარის გაუფასურება და მისი კურსის არასტაბილურობა, ბუნებრივია, უარყოფითად აისახებოდა, ასევე, ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზეც. დღეს მიღწეული დინამიკის შენარჩუნების ფონზე, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ გააქტიურებას უცხოური ინვესტორების მხრიდან.

ვიმედოვნებთ, რომ ის დადებითი განწყობები, რაც ბიზნესში ლარის გამყარებამ გამოიწვია, გაგრძელდება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული უკლებლივ ყველა ბერკეტი, რითაც შესაძლებელი გახდება მიღწეული ვითარების შეუქცევადობის უზრუნველყოფა. საგარეო ფაქტორების მკვეთრი გაუარესების გარეშე, ქვეყნის შიგნით თანმიმდევრული, მიზანმიმართული ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის განხორციელების პირობებში სრულად რეალურად მიგვაჩნია ლარის სიმყარისა და სტაბილურობის შენარჩუნება“, – აღნიშნულია BAG-ის განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …