თბილისი (BPI) – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ-ს, ტეხასის შტატის დელეგაციას, საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საექსპორტო პოტენციალი გააცნო, განიხილეს აშშ-ის ბაზარზე მათი რეალიზაციის ზრდის შესაძლებლობები.
ლევან დავითაშვილმა სტუმრებს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლო და ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან უწყვეტ ისტორია გააცნო. მინისტრმა დელეგაციის წევრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის და ჯიღაურას სანერგე მეურნეობაში დაცული ქართული ვაზის 500 ენდემური ჯიშის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. შესაბამისად, თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შედის და სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ პროცესის გაცნობა. იმედი მაქვს, რომ ქართველ მწარმოებლებსა და ამერიკულ კომპანიებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა და უახლოეს მომავალში, აშშ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემსყიდველი გახდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კომპანიის „FRONTERA RESOURCES“ დამფუძნებლის, სტივ ნიკანდროსის განცხადებით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც სავაჭრო შესაძლებლობების კუთხით, წარმატების დიდი რესურსი გააჩნია.
ფრანგული კომპანია „დისტილერი ტესანდიე ე ფის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ყურადღება ქართული ღვინის ხარისხზე და საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა.
როგორც ფრანგული კომპანიის გენერალურმა დირექტორს, ჟერომ ტესანდიემ აღნიშნა, კომპანია ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიასთან „ბოლერო ჯგუფი“ 25 წლიანი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში კაკლოვანი კულტურების, მესაქონლეობის, ტყის მდგრადი განვითარებისა და დაცული ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს და მათ მნიშვნელობას.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის და საფრანგეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჰოლდინგის, „ბოლერო ჯგუფის“ ორგანიზებით განხორციელდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრებოდა.