მთლიანი საგარეო ვალი 30 სექტემბრისთვის ₾52.6 მლრდ ლარია

თბილისი (BPI) – საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 17.8 მლრდ აშშ დოლარი (52.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 102.3 პროცენტია. 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 433.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 261.4 მლნ აშშ დოლარით, საკურსო ცვლილებების გამო – 198.0 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო – 0.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ამავდროულად, ფასის ცვლილებების გამო ვალი 26.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.4 მლრდ აშშ დოლარი (21.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 42.6 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.3 მლრდ აშშ დოლარი (15.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 30.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 404.6 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.3 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 825.3 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი) და 855.5 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.2 მლრდ აშშ დოლარი (12.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.5 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.3 მლრდ აშშ დოლარი (9.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.8 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 10.1 მლრდ აშშ დოლარი (29.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 58.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.8 მლრდ აშშ დოლარია (11.1 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 21.7 პროცენტია.

2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 10.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები – 8.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო – ვალი 2.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2019 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 404.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 196.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …