თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა, საგარეო შოკების მიუხედავად, ვითარდება და ფონდის პროგნოზი რჩება 4.6% მიმდინარე წლისთვის.
პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ვერა-მარტინმა სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობასა და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე განაცხადა, ეკონომიკის განვითარებისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და გამოწვევები. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებს. თავის მხრივ დღევანდელ შეხვედრას, ხანგრძლივი და პროდუქტიული უწოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემაც. ირაკლი კოვზანაძის თქმით შეხვედრაზე განიხილეს ფინანსური მდგრადობის საკითხები საქართველოში, მათ შორის მომავალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ფისკალურ პოლიტიკას ეხება.
„ხანგრძლივი და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა სავალუტო ფონდის მისიასთან. ჩვენ განვიხილეთ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრები ასევე ფინანსური მდგრადობის საკითხები საქართველოში. საუბარი იყო ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების კანონში ცვლილებებზე, რომელიც რეზოლუციის კანონს გულისხმობს“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ , მისი თქმით, ყველა საკითხი, რომელზედაც დღეს ისაუბრეს ეხება სავალუტო ფონდის პროგრამის გაგრძელებას საქართველოში და ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პარლამენტმა გააძლიეროს კონტროლი მონეტარულ ხელისუფლებაზე.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინს შეხვდა.