თბილისი (BPI) – თბილისის მერია ავარიული კორპუსების – ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის განხორციელებას იწყებს. მერი ამბობს, რომ პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება, თუმცა პირველი პროექტი, რომელზეც თბილისის მერია ინტერესთა გამოხატვას აცხადებს ვარკეთილში, მესამე მასივშია.
საქმე ეხება მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ სამ ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანებას. სამ ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დაახლოებით, 75 ათასი კვადრატული მეტრის ფართი. შემოსათავაზებელი ფართები მინიმუმ 7 500 კვადრატული მეტრია.
კახა კალაძის თქმით, კონკრეტული პროექტისა და ინტერესთა გამოხატვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მერიის ვებგვერდზე განთავსდება. გამარჯვებული იქნება ის, ვინც უფრო მეტ ფართს შესთავაზებს მერიას.
“რამდენიმე ხნის წინ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ გვქონდა შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, დეველოპერებთან, მშენებლებთან და გარკვეული წინადადებაში ცვლილებები შევიტანეთ. ამჯერად, მთავრობის მოლოდინია, რომ პროცესს მაღალი ინტერესი მოჰყვება“, – განაცხადა თბილისის მერმა.