მაჭავარიანი: ჯარიმების ლიბერალიზაციის მიმართულებით ჩვენ მკვეთრი ნაბიჯები გადავდგით

თბილისი (BPI) – ჯარიმების ლიბერალიზაციის მიმართულებით ჩვენ მკვეთრი ნაბიჯები გადავდგით – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.

ფინანსთა მინისტრმა სპეციალური პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“.

როგორც მან აღნიშნა, ჯარიმების ლიბერალიზაციის საკითხი წლების განმავლობაში არაერთ საერთაშორისო ანგარიშში ხვდებოდა.

„საუბარი იყო იმაზე, რომ ჯარიმები იყო არათანაბარზომიერი და ზოგ შემთხვევაში, დრაკონულიც. ამ მიმართულებით ჩვენ მკვეთრი ნაბიჯები გადავდგით. განახევრდა საგადასახადო ჯარიმის ოდენობა, იმ შემთხვევაში თუ გადამხდელი დროულად შეასრულებს საგადასახადო ორგანოს მიერ მასზე დაკისრებულ საგადასახადო ვალდებულებებს, სამჯერ მცირდა ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და გადაუხდელი გადასახადის თანხაზე საურავის დარიცხვა გრძელდება არაუმეტეს 3 წლისა და დაწესდა ზღვრული ოდენობა გადასახადის შემცირებისათვის არსებულ ჯარიმაზე. ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისას, პირველ შემთხვევაში სანქციის სახით გამოიყენება გაფრთხილება, ფულადი ჯარიმის ნაცვლად,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო რეიტინგებისთვის და რაც ასევე არსებითია პირველ რიგში წაადგება მეწარმეებს.

„აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში” საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებში ლომის წილი უკავია იმ საგადასახადო რეფორმებს, რომელიც გაატარა ფინანსთა სამინისტრომ. მჯერა, რომ ჯარიმების და დამატებით გადახდისუუნარობის კანონი, რომელიც პრაქტიკულად მზად არის, ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო წინ წაწევს საერთაშორისო რეიტინგებში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“.

კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დღეს გაიხსნა. კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა და მას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …