თბილისი (BPI) – თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალეს ფარგლებში, გამოფენას – „მარჯანიშვილის უბანი” მასპინძლობს.
პროექტი – „მარჯანიშვილის უბანი” თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალესთვის შეიქმნა და არქივების სახით ამ უბნის ისტორიებს აერთიანებს. მათ შორისაა: 1980-1990-იან წლებში უბნის რეკონსტრუქციის არქიტექტურული არქივი; 2000-იანი წლების თიბისის სათაო ოფისის შენობის სარესტავრაციო მასალები; ასევე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული გალაკტიონის დღიურების ჩანაწერები, რომლებსაც გამოფენაზე ფართო საზოგადოება ორიგინალის სახით იხილავს. აღსანიშნავია, რომ გალაკტიონ ტაბიძე ერთ დროს, სწორედ მარჯანიშვილის (ყოფილი ჟორესის) ქუჩაზე, №4 სახლში, მეორე სართულზე ცხოვრობდა.
პროექტის ფარგლებში თემატურ ჯგუფებადაა გამოფენილი: ორსაუკუნოვანი ურბანული პროცესების შედეგად ჩამოყალიბებული თიბისის შენობა, მარჯანიშვილის თეატრი, „წიგნის პალატა”, ე.წ. „მწვანე შენობა”, ასევე 1980-იან წლებში მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქციის პროექტი, როგორც საბჭოთა მოდერნიზმის „იდეალისტური პროექტების” ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ჩანაფიქრის მიხედვით ვერ განხორციელდა.
გამოფენის კურატორია ხელოვანი და სცენოგრაფი – ირინა ქურთიშვილი, რომელიც გერმანიასა და საქართველოში მოღვაწეობს. მისი ავტორობით არაერთი მულტიდისციპლინარული გამოფენა განხორციელდა თბილისში, ფრანკფურტში, ბერლინსა და ვენაში.
თიბისი კონცეპტის სივრცე, გამოფენას 2021 წლის 13 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.
თბილისის მე-2 არქიტექტურული ბიენალე, სახელწოდებით – “რა გვაქვს საერთო?”, 17 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. ბიენალეს თემატიკა მიმიდნარე პანდემიასა და ახალ რეალობას უკავშირდება – რამდენი რამ გვაქვს საერთო და როგორ გააერთიანა მთელი სამყარო ერთმა კონკრეტულმა პრობლემამ. თბილისში არსებულ ურბანულ და არიტექტურულ პრობლემებზე პროფესიონალები, საერთოობის იდეის გარშემო, ციფრულ ფორმატში იმსჯელებენ.
გამოფენის პარალელურად, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, ჩატარდება:
1. მარჯანიშვილის ტერიტორიაზე დღის და ღამის ტურები:
2. კურატორ ირინა ქურთიშვილის ლექცია ტერიტორიის შესახებ ისტორიულ, არქიტექტურულ და სოციოლოგიურ ჭრილში;
3. პარალელური გამოფენა, სადაც დამთვალიერებელი ტერიტორიაზე განლაგებული საცხოვრებელი კვარტალის ისტორიას გაეცნობა. გამოფენა 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის 2 ნომერში გაიხსნება.