მადლენ ოლბრაიტი: ფოთის პორტის გაფართოება დასტურია რის მიღწევა შეუძლია აშშ-ს და საქართველოს

თბილისი (BPI) – აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP-ის ხელმძღვანელი მადლენ ოლბრაიტი  ფოთის პორტის გაფართოების პროექტის დაწყებას წერილით გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს პროქტი იმის მანიშნებელია, თუ  რისი მიღწევა შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთად მუშაობის პირობებში.

„მე განსაკუთრებით მახარებს შეერთებული შტატების მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ამ პროექტისთვის, მათ შორის, OPIC-ის 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია“ – განაცხადა აშშ-ის  ყოფილმა სახელმწიფო  მდივანმა.

მისი შეფასებით, ფოთი მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს და  მისი გაფართოება დაეხმარება ამ ქალაქს მეტი სარგებლის მიღებაში. „ეს წაადგება არამარტო ფოთს, არამედ საქართველოს და მთელი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას“ – განაცხადა მადლენ ოლბრაიტმა.

ფოთში აშშ-ის  მთავრობის  კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში დღეს მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, აშშ-ის უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მმართველმა დირექტორმა კენეტ ანჯელიმ, ამერიკული კომპანიის „ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP“ – ის ხელმძღვანელმა ჯეიმს ო’ბრაიანმა, ნიდერლანდური კომპანია „ROYAL HASKONING“ – ის წარმომადგენელმა დირკ იან პიტერსმა და „ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს” პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები.

ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს განახორციელებს „პეის ჯგუფი“, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა.

პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. აღსანიშნავია, რომ თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC – ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.

ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შდეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. აღნიშნული ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC – ის ინვესტიციაა.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …