ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

თბილისი (BPI) – ლილოს  დახურული ნაგავსაყრელიდან გამოყოფილი გაზის შეკრება და შემდგომ ელექტროენერგიის წარმოება ქალაქის მერმა უკვე დაანონსა. ამჯერად კი ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერის უახლოეს დღეებში გამოაცხადებაზე აცხადებს.

თბილისის მერის თქმით, საერტაშორისო ორგანიზაციებთან უკვე შემუშავებულია კონცეფცია. კახა კალაძის თქმით, პირველ რიგში, გაზშემკრების მოწყობაა მნიშვნელოვანი, რის შემდეგაც, ნაგავსაყრელიდან გამოყოფილი გაზი კონკრეტულ ადგილზე მოთავსდება.

„როგორც გითხარით, არსებული ტერიტორია 2017 წელს დაიხურა. გარდა იმისა, რომ ქარიან ამინდში ნარჩენები გადაადგილდება და დიდ დისკომფორტს ქმნის, ასევე, არის უსიამოვნო სუნი, რადგან ნაგავსაყრელი გამოყოფს გაზს. შესაბამისად, ახლა ტენდერი ცხადდება გაზშემკრების მოწყობაზე. გაზი რაც გამოიყოფა, მოთავსებული იქნება ერთ კონკრეტულ ადგილზე. ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ეს იქნება დაახლოებით, ორწლიანი პროექტი და მასზე 50-60 მილიონი ლარი დაიხარჯება. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, რომეო მიქაუტაძეს აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა ამ მიმართულებით და ვფიქრობ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით თავს გავართმევთ გამოწვევას და პროექტს დროულად განვახორციელებთ. ის პრობლემა, რომელიც ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ, რაც შეიძლება მალე იქნება მოგვარებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთანავე, კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ კიდევ ერთ პროექტზე იმუშაოს. კერძოდ, გაზის შეკრების მოწყობის შემდეგ, მისი გადამუშავება და ელექტროენერგიის წარმოების დაწყება მოხდეს. ასევე, აღნიშნულ პროექტში ბიზნესსექტორი ჩაერთოს.

„ყველა განვითარებულ ქვეყანაში, როდესაც გაზის შეკრება ხდება, შემდეგ მის გადამუშავებას და ელექტროენერგიის წარმოებას ახდენენ. ვფიქრობ, ეს ბიზნესსექტორისთვის ძალიან საინტერესო იქნება და აქტიური კომუნიკაციით შეგვიძლია პროექტზე მუშაობა დავიწყოთ. მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ჩავრთოთ  ბიზნესსექტორი იმისთვის, რომ შეკრებილი გაზისგან ელექტროენერგიის წარმოება მოხდეს. ამას გამოიყენებს მთელი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …