#ლიბერთიგულით – პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

თბილისი (BPI) – დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო“-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.

პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნის მიზნით, ლიბერთი ბანკმა და წყალი „სნო“-სა და „კობი“-ს მწარმოებელმა კომპანია „აქვა გეო“-მ ერთობლივი საზაფხულო სოციალური პასუხისმგებლობის აქცია წამოიწყეს.

აქცია 15 სექტემბრამდე გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში პენსიის გაცემის ყველაზე დატვირთულ და ცხელს დღეებში ასაკოვან მომხმარებელზე ზრუნვას და მათი სასმელი წყლით გამასპინძლებას ითვალისწინებს.

„მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. უკვე რამდენიმე თვეა, ქვეყანაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად განხორციელებული ყველა სოციალური პასუხისმგებლობის თუ საქველმოქმედო აქციის მიზანია, ჩვენს მომხმარებლებს გავუმარტივოთ საბანკო მომსახურება უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით, მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი ბანკში ვიზიტის საჭიროება და ბანკში ვიზიტისას კი შევთავაზოთ კომფორტული და უსაფრთხო გარემო. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ აქციაში მონაწილეობისთვის ჩვენ პარტნიორ კომპანია „აქვა გეო“-ს, რომელმაც გაიზიარა ჩვენი ღირებულებები და ძალიან ოპერატიულად დაგვეხმარა ჩვენს ასაკოვან მომხმარებელზე ზრუნვაში“, – განაცხადა ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ.

„კომპანია „აქვა გეო“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. უფროსს თაობას, ჩვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდება. ამის გარშემო კომპანიები ვერთიანდებით, რაც მისასალმებელია და მნიშვნელოვანი. ამ აქციით კი, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა, უდიდესი პატივისცემა და მადლიერება მათდამი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ერთობლივი პროექტი ლიბერთი ბანკთან წარმატებული იქნება და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – აღნიშნავს კომპანია „აქვა გეო“-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი ლევან შავლაყაძე.

შეგახსენებთ, რომ ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს ეძლევათ საშუალება სააფთიაქო ქსელებში – ავერსი, ფარმადეპო და პსპ, პროდუქციის შეძენისას და სოციალური ბარათით გადახდის შემთხვევაში საკუთარი საბარათე ანგარიშიდან 50 ლარამდე ნაღდი ფულის გატანის სერვისითაც ისარგებლონ და თავიდან აიცილონ ბანკში ვიზიტის საჭიროება.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …