ლარის ზომაზე მეტად გაუფასურებას მინისტრი ნეგატიური მოლოდინებით ხსნის

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ეროვნული ვალუტის კურსი მტავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა და ლარის ზომაზე მეტად გაუფასურებას ნეგატიური მოლოდინებით ხსნის.

“მოლოდინები ნეგატიურია და ლარი იმაზე მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მხოლოდ ეკონომიკური მიზეზები გამოიწვევდა. თუმცა, არსებობს ეკონომიკური მიზეზებიც,” – განაცხადა ნათია თურნავამ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს მოქალაქეებისთვის შემოსავლების შესანარჩუნებლად, ან ვალდებულებების გადასადებლად.

„კორონავირუსი ეკონომიკას გლობალურად ურტყამს, საქართველო კი მსოფლიო ეკონომიკის ნაწილია. არა ვართ იზოლირებულ კუნძულზე და ყველა პრობლემა, რაც კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკაში იქმნება, ჩვენზეც აისახება. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ერთ-ერთი ტენდენციაა, რომელიც ამ ახალმა, ჩვენთვის აქამდე უცნობმა გამოწვევამ მოიტანა. სანამ ეს პრობლემა გაჩნდებოდა, ლარი საკმაოდ სტაბილური იყო, თუმცა, შექმნილი პანიკური განწყობა არა მარტო ლარის კურსზე მოქმედებს, არამედ საქონლის მოხმარებაზე და სხვა”, – განაცხადა მინისტრმა.

თურნავამ გამოცემასთან ინტერვიუში ტურიზმში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ტურიზმის “გაჩერება” მსოფლიოს შეგნებული გადაწყვეტილებაა ვირუსის მასშტაბური გავრცელების შესაჩერებლად. “ჩვენთვის ტურიზმი უცხოური ვალუტის შემოდინების სერიოზული წყარო იყო და ეს არის ობიექტური მიზეზი. ექსპორტი გრძელდება, მაგრამ, ცხადია, მისი მასშტაბი შემცირებულია და აქედან გამომდინარე, ეს წყაროც ნაკლებად მოქმედებს. საქართველოს ხელისუფლებას გლობალური კრიზისის შეჩერება არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია შეარბილოს ადამიანებზე ლარის გაუფასურების ზეგავლენა და ამას აკეთებს”, – განმარტავს ნათია თურნავა და მთავრობის გატარებულ ღონისძიებებს ახსენებს, მათ შორის სასურსათო კალათიდან 9 პროდუქტზე ფასების შენარჩუნება, საბანკო სესხების 3-თვიანი გადავადება…

ვირუსის გავრცელების ფონზე რა ეკონომიკური დანაკარგები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს, მინისტრი ამბობს, რომ პროგნოზი არ იქნება ისეთივე საიმედო, როგორიც აქამდე იყო.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …