თბილისი (BPI) – გასტრონომიული ტურიზმი ქვეყანაში მაღალი მსყიდველუნარიანობის მქონე ტურისტების მოზიდვის კარგი საშუალებაა. აღნიშნულ თემაზე კულინარიული ექსპედიციის ხელმძღვანელმა ქეთი კვიჭიძემ და ბრენდშეფმა გოგა მაისურაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ისაუბრეს.
ქართულ კულინარიას სრული პერსპექტივა აქვს, განვითარდეს და მსოფლიოს ეგზოტიკურ სამზარეულოებში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. ამის მაგალითად კულინარებმა 25 განახლებული კერძი დაასახელეს, რომლის რეცეპტებიც მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მოიძიეს.
ქართველმა მზარეულებმა მთის სამზარეულოს 25 კერძი განაახლეს. ცვლილება ძირითადად ვიზუალს შეეხო, გემო კი შენარჩუნებულია. ქართული კულინარია რომ მსოფლიოს ეგზოტიკური სამზარეულოების სიაში მოხვდეს, ქართველმა კულინარებმა სწორედ ეს გზა უნდა აირჩიონ. ამის შესახებ
როგორც გოგა მაისურაძე განმარატვს, მოპოვებულ იქნა მთაში ტრადიციული კერძები, რომელიც თანამედროვე ვიზუალით შეიფუთა.
„ქეთიმ ძველი ტრადიციული კერძების მენიუ მოიპოვა მთაში. ამას სჭირდებოდა ტრადიციული გემოების ახალი ვიზუალით გადმოტანა, რაც საბოლოოდ ძალიან ლამაზი გამოვიდა. მთის კერძები, როგორც წესი, ერბოთი ან ღორის მუცლის ქონითაა გაჯერებული, რაც ძალიან გემრიელია, მაგრამ ზუსტად იგივე ვიზუალით თუ გადავიტანთ, თბილისის რომელიმე რესტორანში მომხმარებელი ნაკლები ეყოლება. შესაბამისად, საჭიროა ტექნოლოგიურად დამუშავება, დაბალანსება და ახალი ვიზუალის მიცემა, რაც კარგად მოვახერხეთ. ეს არის ქართული კულინარიის განვითარება, რომ ძველი არ დაივიწყო, მაგრამ განაახლო და განავითარო. 25 კერძი დავამუშავეთ“, – განაცხადა გოგა მაისურაძემ.
ქეთი კვიჭიძის განმარტებით, ტრადიციული კერძების ძიებაში მან მთელი საქართველო მოიარა ჰერეთიდან ლაზეთამდე და ახალი მენიუ გუდაურის ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში 15 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
მისივე განცხადებით, ქართული სამზარეულო ბოლო ორი-სამი წელია უკვე შესულია მსოფლიოს წამყვან სამზარეულოებთან კონკურენციაში და ეს ნაბიჯი რომ წარმატებით დაგვირგვინდეს და ქართული სამზარეულოს პოპულარობა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში არ ჩაიკეტოს, საჭიროა ძალების გაერთიანება.
ქეთი კვიჭიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა ბევრი კულინარიული სკოლის და აკადემიის შექმნა, გარდა ამისა, ამაღლდეს შეფების განათლება და ჩვენი სამზარეულოს პოპულარიზაცია მოხდეს.
„მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი კულინარიული ფესტივალი ჩატარდეს, უცხოელი წამყვანი შეფმზარეულების ჩამოყვანა და მათი მასტერკლასების ჩვენება მოხერხდეს. იქ უკვე ისეთი ტექნოლოგიებია, რაც ჩვენთვის უცნობია. ჩემი აზრით, მსოფლიოს წამყვან სამზარეულოებში უნდა მოვხვდეთ. ტრადიციული ინგრედიენტები ძალიან გემრიელი გვაქვს და მალე ვვითარდებით.
15 წელია, სარესტორნე ბიზნესში ვარ და ბოლო სამი წელია, ძალიან სწრაფი განვითარება მოხდა. მთავარ პრობლემად მაინც განათლებას და პოპულარიზაციას ვასახელებ. რაც შეიძლება მეტი მარკეტინგული სვლა და ცნობადობის გაზრდა უნდა მოხდეს. მთელი ინდუსტრია უნდა გაერთიანდეს და ერთიანი პროდუქტი შეიქმნას. კარგი იქნება, თუ ბიზნესსექტორი ჩაერთვება, რომ კერძები გააცოცხლონ. კრეატივი თუ გვექნება, რაც ცოტა გვაკლია და კონცეფციებზე მეტს ვიფიქრებთ, ძალიან წინ წავალთ“, – განმარტა ქეთი კვიჭიძემ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ქართული სამზარეულო შევიდეს მსოფლიოს მასშტაბით კონკურენციაში, გოგა მაისურაძე განმარტავს, რომ ბოლო 2-3 წელია ქართული გასტრონომია მაღალ საფეხურზეა გადასული.