ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ „BANK IM BISTUM ESSEN eG“ (BIB)-ისგან 6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მიიღო. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებმა უკვე გააფორმეს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ შორის არსებული მრავალწლიანი, მტკიცე პარტნიორობა.
მოზიდული თანხა „კრისტალს“ შესაძლებლობას მისცემს, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ასევე, ქვეყნის რეგიონების დაბალშემოსავლიან მოსახლეობას ინოვაციური ფინანსური მომსახურება და პროდუქტები შესთავაზოს. ამას გარდა, ახალი საკრედიტო რესურსი მიზნად ბიზნესის ზრდისა და შემოსავლების გენერირების ხელშეწყობასაც ისახავს და მისი დახმარებით, „კრისტალი“ საკუთარ წვლილს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაშიც შეიტანს.
BIB „კრისტალის“ მდგრად განვითარებას მხარს 2014 წლიდან უჭერს. ეს მჭიდრო პარტნიორობა კიდევ უფრო დადასტურდა 2019 წელს, როცა მან „კრისტალს“ სუბორდინირებული სესხი გამოუყო და ხელი შეუწყო კომპანიის კაპიტალის პოზიციის გამყარებას. ამჟამად კი ეს პარტნიორობა 6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფით გამოიხატა.
“კრისტალსა“ და BIB-ის შორის პარტნიორობა თითქმის 8 წელიწადს ითვლის. მოხარულები ვართ, რომ ამ ახალი რესურსით შესაძლებლობა გვაქვს, მეწარმეობისა და მომხმარებლების მდგრადი განვითარების მიმართ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა გამოვხატოთ. მოზიდული საკრედიტო რესურსი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დაძლევას, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესისა და მიკრო საწარმოების მხარდაჭერას მოხმარდება“, – აცხადებს „კრისტალის“ უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.
“ეს გარიგება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც გვსურს, პანდემიის შემდგომი გაჯანსაღების პროცესში „კრისტალმა“ საკუთარი მომხმარებლების ეფექტიანი მხარდაჭერა შეძლოს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა კვლავ აქტიურად გრძელდება, რადგან კრისტალი არის კომპანია, რომელიც მცირე მეწარმეებს მტკიცედ უჭერს მხარს და ფინანსური ინკლუზიის პროცესში ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ დგას“, – აღნიშნავს „BANK IM BISTUM“-ის საერთაშორისო მომხმარებლებთან ურთიერთობების დირექტორი მაიკლ პ. სომერი.