თბილისი (BPI) – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ საბანკო ბაზარზე შედის. ერთ-ერთი მსხვილი მისო „ბანკ ფინკასთან“ ერთიანდება. შემძენი მხარე „კრისტალი“ და მისი აქციონერები არიან. გაერთიანების პროცესზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განუცხადა, მიზანი ბანკის გამსხვილება და გაძლიერებაა.
„ეს არის შესაძლებლობა ჩვენი არსებული კლიენტების, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის უფრო დიდი და ძლიერი პლატფორმა შევქმნათ, გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი,“ – აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ.
მისი თქმით, მიკროსაფინანსო სექტორში ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელმა რეგულაციებმა „კრისტალი“ გააძლიერა და ამ სახის გარიგების დადების შესაძლებლობა მისცა. აღსანიშნავია, რომ „ფინკამ“ საბანკო ლიცენზია 2013 წლის აგვისტოში მიიღო.
ბანკის აქტივები 300 მლნ ლარამდეა. რაც შეეხება „კრისტალს“ ის ძლიერი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა. მისი აქტივები 350 მილიონ ლარზე მეტია. „კრისტალის“ საბანკო ბაზარზე შესვლისა და „ფინკასთან“ გაერთიანების შემდეგ, ბაზარს კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშე შეემატება. შერწყმის შემდეგ, ახალი საფინანსო ორგანიზაციის აქტივების მოცულობა 650 მილიონ ლარამდე იქნება, რითაც, ახალი ბანკი აქტივების მიხედვით, ტოპ-10 ბანკს შორის მე-10 პოზიციას დაიკავებს.