კრიზისი ნავთობპროდუქტების ბაზარზე

თბილისი (BPI) – COVID19-ის გავრცელებამ მსოფლიო რომ გლობალური კრიზისის  ჩიხში შეიყვანა ახალი ამბავი არავისთვისაა, ამ მხრივ გამონაკლისი არც ნავთობპროდუქტების ბაზარი აღმოჩნდა.

2020 წლის 22 აპრილს ნავთობის ფასი ბარელზე ნოლს ქვემოთ დაეცა და მინუსიანი ნიშნული აჩვენა. ამას წინუძღოდა რიგი პრობლემები, გადავსებული საცავები და შემცირებული მოთხოვნები “შავ ოქროზე”. ამ მოვლენებმა მენავთობეებს ისეთი თავსატეხი გაუჩინა, რომ დღეს მზად არიან გასცენ ნავთობი მომხმარებელზე, თუნდაც ამისთვის ფულის გადახდა თავად მოუწიოთ.

თუ ვნახავთ ნავთობის წარმოების მიხედვით მსოფლიოში ლიდერ ქვეყნებს, წარმოების მოცულობები მარაგების დონეს სრულიად არ შეესაბამება. ამის მიზეზი ისაა, რომ ნავთობის მოპოვების მოცულობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ რამდენი მარაგი აქვს ქვეყანას, არამედ ასევე მნიშვნელოვანია წარმოების ტექნოლოგიები, მოპოვების ღირებულება, ტრანსპორტირება და გაყიდვების ბაზრის დივერსიფიკაცია. აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვით, რომ არსებული კრიზისი მხოლოდ პანდემიამ განაპირობა, ეს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაწყებული პროცესია რომელიც ვირუსმმა დააჩქარა.

2019 წლის  25 მაისს ” ოპეკის” წევრი და არაწევრი ქვეყნების შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება მათ მიერ ნავთობის მოპოვების შეზღუდვის შეთანხმების კიდევ 9 თვით გაგრძელების შესახებ.  შეთანხმების დადების ძირითად მიზანი სანავთობო ბაზრის სტაბილიზაცია და ნავთობის ფასის ზრდა იყო, ვინაიდან საყოველთაო მოსაზრებით, მსოფლიოში ნავთობის მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის ბალანსი დარღვეულია, მიწოდების სასარგებლოდ. 2020 წლის 12 აპრილს კი, ოპეკის  წევრმა ქვეყნებმა მზად ყოფნა გამოაცხადეს ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით. ამრიგად  თვალსაჩინოა, რომ  ბაზარზე წარმოდგენილია ნავთობი ჭარბი ოდენობით, გავრცელებულმა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია და ბალანსი იმაზე მეტად შეარყია ვიდრე ვარაუდობდნენ.

საინტერესოა რა გზებს მიმართეს რიგმა სახელმწიფოება პრობლემასთან საბრძოლველად. მაგალითად რუსეთში უკვე გაჩნდა მოსაზრება ნავთობის დაწვასთან დაკავშირებით, მათი მიზანია ნავთობის წარმოება 23%-ით შეამცირონ, ამასთან ისინი ნაკლებად მომგებიან საბადოებსაც ყინავენ. მექსიკა კი ნავთობის რეკორდულად დაბალი ფასების გამო, მზადაა შეაჩეროს ნავთობის მოპოვება ახალ ჭაბურღილებზე.

“გასულ წელს ჩვენ ინვესტიცია განვახორციელეთ ჭაბურღილების ბურღვაში, ვმუშაობდით ახალ საბადოებზე და ჩვენ უკვე გვაქვს ეს ახალი ჭაბურღილები. ახლა, როდესაც ნავთობი გაუფასურდა, ჩვენ შეგვიძლია ახალ ჭაბურღილებზე დავკეტოთ ონკანები და ისინი წნევას არ დაკარგავენ,” – ვკითხულობთ მექსიკის პრეზიდენტის ანდრეს მანუელ ლოპესის ოფიციალურ  განცხადებაში.

საუდის არაბეთმა შესაძლოა მაისის თვემდე დაიწყოს ნავთობის მოპოვების შემცირება, რადგან დაახლოებით 40 მილიონი ბარელი საუდის არაბეთის ნავთობი აშშ-სკენ მიმავალ გზაზე, ისინი განიხილავენ სანავთობო ტანკერებისთვის მიმართულების შეცვლის შესაძლებლობას, თუ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტს სამეფოდან ნავთობის იმპორტის შეზღუდვას. აშშ-ში ბოლო კვირის განმავლობაში 17 აპრილამდე ნავთობპროდუქტების მოთხოვნა იყო 14.1 მილიონი ბარელი დღეში, რაც ოდნავ გაიზარდა წინა კვირის მაჩვენებელთან მიმართებაში.

ასევე გასული კვირის მაჩვენებლებით ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი   გაიზარდა. ლონდონში ნავთობის ფასმა შეადგინა (+ 0.90)  დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში 2.70 ასეთი მაღალი მაჩვენებელი კი ნოემბრის თვის მერე არ დაფიქსირებულა.

Oilprice.com ის ინფორმაციაზე დაყრდნობით ბოლო 24 საათში მომხდარი მოვლენებიდან წინა პლანზე ვენესუელაში განვითარებულმა მოვლენებმა გადმოიწია, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელაში უკანასკნელ ამერიკულ ნავთობკომპანიებს განუცხადა, რომ მათ ქვეყანაში დეკემბრამდე უნდა შეეწყვიტათ ოპერაციები რითიც ათობით კომპანია სრულიად დააზარალა.

მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, სადაც შესაძლოა ნავთობს მართლაც დასაწვავად გაუხდეს საქმე და ამასთან ერთად შეიძლება ითქვას ისიც, რომ ნავთობექსპორტიორი ქვეყნებისთვის ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი ძვირი ნავთობის ეპოქა დასრულდა.

საინტერესოა რა ხდება ქართულ ბაზარზე  და რა გავლენას მოახდენს ეს მოვლენები ქვეყანაზე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის მარტში საწვავის იმპორტმა 84 ტონა შეადგინა, რაც 1%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით, მაგრამ გასულ წელთან მიმართებაში ეს ერთი მხრივ პოზიტიური მაჩვენებელია, რადგან მაჩვენებელი 21%-ით არის გაზრდილი. იმპორტის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის 19 ტონით , რაც მთლიანი იმპორტის 22%-ია. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა პანდემიის გამო ქვეყანაში 40%-ით შემცირდა, რაც საერთო სურათს ცვლის.

“ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ, რა თქმა უნდა, იმოქმედა გაყიდვებზეც, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც წინა სააღდგომო პერიოდში საერთოდ აიკრძალა ავტომობილებით მოძრაობა,  მიუხედავად არსებული ვითარებისა ვინარჩუნებთ ფასის ნიშნულს საწვავზე. დღეს 1 ლიტრი სუპერის კატეგორიის საწვავის შეძენა ჩვენთან 2.48 თეთრადაა შესაძლებელი. რაც შეეხება პროდუქტის შემცირების გეგმას, რა თქმა უნდა მზად ვიქნებით მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები, მაგრამ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ დამატებითი განმარტებებისგან,” – აღნიშნავენ  კომპანია “რომპეტროლის ” პრესს სამსახურმა.

რაც არ უნდა ვთქვათ, რეალურად იმპორტირებულ ნავთობსა და გაზზე მაღალი დამოკიდებულების მქონე ქვეყნები საბოლოოდ მოგებულნი დარჩებიან, ხოლო ექსპორტზე დამოკიდებულები წააგებენ. ამას მოწმობს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიაც.

“ზოგადად საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია ფასების მნიშვნელოვანი კლებით, რისი შედეგიცაა მარაგების შექმნა. ჩვენი ობიექტური შეფასებით მოთხოვნა მომავალ თვეში უფრო შემცირდება თუ  ისევ გაგრძელდება საგანგებო სიტუაცია ქვეყნის მასშტაბით,” – აცხადებენ კომპანია “გალფის” მარკეტინგის სამსახურმა.

თუ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით აღარ შევხედავთ მოვლენებს, თვალსაჩინო გახდება რომ ნავთობპროდქტების ბაზარი ბევრისთვის პოლიტიკური ასპარეზის ნაწილიცაა.  გაიაფებული ნავთობი ასუსტებს რუსეთს და არაბულ ქვეყნებს. დასავლეთი, ერთის მხრივ, დაინტერესებულია ნავთობის დაბალ ფასებზე, მაგრამ უხდება იმ უარყოფითი შედეგების გაზიარება, რასაც ნავთობის ფასის კლების გამო ინვესტირების შემცირება იწვევს.

ნავთობპროდუქტების ფასის ნიშნულების ცვლილება წლების მანძილზე უამრავმა ფაქტორმა განაპირობა, დღეს ასეთია პანდემია, რომლის გამოც მსოფლიო იძულებული გახდა, ეკონომიკა მთლიანად ჩიხში მოექცია.

თათია თათარაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი

მასალა ქვეყნდება “საქართველოს უნივერსიტეტისა და BPI-ერთობლივი პროექტის ფარგლებში

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …