კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა და კომუნიკაციების კომისიის წარმოდგენელმა, ვახტანგ აბაშიძემ ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების, კონკურენციის პოლიტიკის პოპულარიზაციისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საზოგადოების მეტი ინფორმირებულობის მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ – ერთობლივი ორგანიზებითა ჩატარდეს კონკურენციის პოლიტიკის ყოველწლიური კონფერენცია, სადაც განხილული იქნება უწყებების მხრიდან წლის მანძილზე განხორციელებული საქმეები, გეგმები, მიღებული შედეგები და გამოწვევები. ასევე, თითოეულ უწყებას დაქვემდებარებულ სფეროსთან მიმართებაში – ზოგადი კონკურენტული გარემოს ანალიზი. 2021 წლის 3 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს – ღონისძიება ჩატარდეს ყოველი წლის დეკემბრის თვეში, კონკურენციის მსოფლიო დღის პარალელურად.
2020 წელს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებების თანახმად, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის მიზნით, შეიქმნა ერთიანი საკანონმდებლო ბაზა.
მსოფლიო კონკურენციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა თემაზე: „კონკურენციის პოლიტიკა ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკისთვის“. ღონისძიებას ესწრებოდნენ: სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, სფეროს ექსპერტები, კოლეგა უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.