საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში მოქმედი კომპანიების დავაზე დაწყებული მოკვლევა დაასრულა. თემა ეხებოდა ,,საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებულ საქმეს ,,ჯეო ჰოსპიტალისა“ და ,,რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ წინააღმდეგ, მათ მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო დარღვევის ფაქტს.
მოკვლევის შედეგად, კანონდარღვევის ფაქტი არ დადასტურდა, თუმცა, ,,ჯეო ჰოსპიტალსს“ დაევალა – ,,საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ მიმართვის შემთხვევაში, შაბათ დღეს, ოჯახის ექიმის მომსახურების მიწოდების საკითხი განიხილოს და კომერციულ პირობებზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თანაბარ და არადისკრიმინაციულ პირობებში, შესაბამისი ხელშეკრულების დადება უზრუნველყოს.
ამასთანავე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ქვეყანაში მოქმედ ამბულატორიულ დაწესებულებზე, შემუშავებულია ორი სავალდებულოდ განსახილველი რეკომენდაცია. 1. სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გამახვილდეს – შაბათ დღეს, ოჯახის ექიმის მომსახურების მნიშვნელობაზე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. ასევე, ექსკლუზიური წესით მოცემული მომსახურების შეთანხმებისას, კომპანიებმა იმოქმედონ მხოლოდ ობიექტურად გამამართლებელ გარემოებებზე დაყრდნობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთმა პრაქტიკამ შესაძლოა განაპირობოს სადაზღვევო კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაუმართლებელი შეზღუდვა. 2. სადაზღვევო კომპანიებს შორის არათანაბარი და დისკრიმინაციული მოპყრობის თავიდან აცილების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებებმა (ამბულატორიული მომსახურების ნაწილში) სახელშეკრულებო ურთიერთობის პროცესში, თანაბარი პირობების შეთანხმება უზრუნველყონ, ხოლო ერთმანეთისგან განსხვავებულ პირობებში მხოლოდ ობიექტურად გამამართლებელ გარემოებებზე დაყრდნობით იმოქმედონ.
გასულ წელს, დასრულდა 5 მოკვლევა – დადგინდა ეკონომიკურ აგენტთა შეთანხმებული ქმედება და ოთხ კომპანიას დაუდასტურდა შეთანხმებული ქმედება. ასევე, ორი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. არ დადასტურდა სახელმწიფო უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა და ერთი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევა.
ამ ეტაპზე, მიმდინარე რეჟიმშია 3 მოკვლევა: ადმინისტრაციული უწყების მხრიდან შესაძლო დარღვევის შემთხვევაზე; არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე და სათარჯიმნო სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების გამოვლენის მიმართულებით