საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მსოფლიო კონკურენციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება, რომელიც წელს „კონკურენციის პოლიტიკა ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკისთვის” თემატიკით აღინიშნება.
შეხვედრას გასხნის კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე; სემეკის თავმჯდომარე, თავით ნარმანია; დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, ვახტანგ აბაშიძე; საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი, იოლანტა ტაჩინსკა.
განახლებული კანონმდებლობის ფორმატში, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციის მსოფლიო დღის ფარგლებში, ხუთივე მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირი ერთიანი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერს ხელს. შეთანხმების მიზანია – ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის ყოველწლიური კონფერენციის ჩატარდება, სადაც უწყებები წლის მანძილზე განხორციელებულ საქმეებს, მიღებულ შედეგებს, გამოწვევებს განიხილავენ.
დისტანციურ რეჟიმში, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ – გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ტერესა მორეირა; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) კონკურენციის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი, რენატო ფერანდი.
ღონისძიებას დაესწრებიან: სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, სფეროს ექსპერტები, კოლეგა უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
მსოფლიო კონკურენციის დღე 5 დეკემბერს 30-ზე მეტ ქვეყანაში 2010 წლიდან აღინიშნება და დაკავშირებულია ბიზნესის შემზღუდველი პრაქტიკის კონტროლთან, გაერთიანებული ერების მრავალმხრივ პრინციპებსა და წესებთან.