კომუნიკაციების კომისიამ თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ზემო სვანეთისა და გურიის სამაუწყებლო ზონებში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსი გამოაცხადა. ლიცენზიის მაძიებელმა 2022 წლის 4 ივლისის 17:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს ახალი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც იქნება ძირითადად ერთი თემატიკის და არ მოიცავს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს. კონკურსში მონაწილეობა ეზღუდებათ იმ რადიომაუწყებელს, რომლებსაც სამაუწყებლო არეალის გაფართოება სურთ.
კომუნიკაციების კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსები ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად დამტკიცებული პრიორიტეტების მიხედვით გამოაცხადა. კვლევის მიხედვით მსმენელების უმრავლესობა უპირატესობას, სწორედ სპეციალიზებულ რადიოს ანიჭებს.
შეგახსენებთ, რომ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დამტკიცებამდე კომუნიკაციების კომისიამ საეთერო მაუწყებლობის მომსახურების 15 ზონა განსაზღვრა, რის შემდეგაც კონკურსების გამოცხადების სტრატეგია და თავისუფალ სიხშირეთა გეგმა დაამტკიცა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, საეთერო მაუწყებლობის მომსახურების კონკრეტული ზონების დაფარვის მიზნით, კერძო საერთო ან სპეციალიზებული, ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსები ცალ-ცალკე გამოცხადდება.
თავისუფალი სიხშირული რესურსის გამოქვეყნებისას, კომისიამ რადიომაუწყებლობის საქმიანობის დაწყების მსურველთა განაცხადები და მათი მოთხოვნილი სამაუწყებლო ზონები გაითვალისწინა, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ზონებზე, სადაც მსმენელისთვის რადიოების მწირი არჩევანია, ან არ მაუწყებლობს არცერთი რადიო. დასახლებული პუნქტების რადიომაუწყებლობის სიგნალით მაქსიმალურად მოცვისა და მსმენელებისთვის რადიოს მოსმენის შესაძლებლობის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ კონკურსები 6 ზონაში გამოაცხადა.
კომუნიკაციების კომისიაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის განაცხადების განხილვისთვის მოსამზადებელი სხდომა 7 ივლისს 13:00, ხოლო ზეპირი მოსმენა 11 აგვისტოს 13:00 ჩატარდება. კონკურსი 18 აგვისტოს 13:00 გაიმართება.