კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს” უკანონოდ გასხვივებული წილების დასაბრუნებლად ვადა 29 აპრილამდე განუსაზღვრა

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი” წილების კანონდარღვევით გასხვისების გამო სამართალდამრღვევად კიდევ ერთხელ ცნო და ნასიბ ჰასანოვისთვის უკანონოდ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა 2022 წლის 29 აპრილის ჩათვლით განუსაზღვრა.

გასული წლის ოქტომბერში კომუნიკაციების კომისიამ კომპანიას წილების დაბრუნება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაავალდებულა, თუმცა აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა.

შეგახსენებთ, რომ „კავკასუს ონლაინის” წილები კანონის გვერდით ავლით ჯერ კიდევ 2019 წელს გასხვისდა და კომუნიკაციების კომისია კომპანიის წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას 2019 წლიდან მოითხოვს. „კავკასუს ონლაინმა” კომპანიის წილების 49%-ის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, ასევე უკანონოდ გაასხვისა კომპანიის დარჩენილი 51%. მიუხედავად იმისა, რომ 49%-ის უკანონოდ გასხვისებასთან დაკავშირებით „კავკასუს ონლაინი” კომუნიკაციების კომისიამ რამდენჯერმე დააჯარიმა და წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება დაავალა, კომპანიას კომისიის გადაწყვეტილებები არ შეუსრულებია. 2021 წელს კი ცნობილი გახდა, რომ „კავკასუს ონლაინმა” კვლავ კომუნიკაციების კომისიისთვის მიმართვისა და წინასწარი თანხმობის გარეშე კომპანიის დარჩენილი 51% გაასხვისა, რითაც საქართველოს კანონმდებლობა კიდევ ერთხელ დაარღვია.
კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე „კავკასუს ონლაინის” წილის გასხვისების გამო, ავტორიზებული პირი სამართალდამრღვევად პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. 2019 წლის 17 ოქტომბრიდან სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, ,,კავკასუს ონლაინის” მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა რამდენჯერმე იქნა გამოყენებული. კერძოდ, კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით კომპანიას ჯარიმა 30 000 ლარის, 2020 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით კი 90 000 ლარის ოდენობით დაეკისრა, ხოლო 2020 წლის 12 მარტის, 25 ივნისის და 20 აგვისტოს გადაწყვეტილებებით კომპანიას დაეკისრა ჯარიმები, თითო 270 000 ლარის ოდენობით. 2020 წლის პირველი ოქტომბრის გადაწყვეტილებით კომისიამ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 461 მუხლის შესაბამისად, ,,კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი დანიშნა. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი” 2021 წლის 20 მაისის და 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებებით სამართალდამრღვევად კიდევ ცნო და წილების დაბრუნებისთვის ვადა განუსაზღვრა, თუმცა კანონის მოთხოვნა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები ამ დრომდე არ შესრულებულა.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …