კომუნიკაციების კომისია მომხმარებლებისთვის ნომრის პორტირებას ამარტივებს

მომხმარებლებისთვის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ნომრების პორტირების გამარტივების მიზნით, კომუნიკაციების კომისია პორტირების ახალ წესებს დაამტკიცებს. რეგულაციის მიზანია, აბონენტებმა სურვილის შემთხვევაში, ადვილად შეძლონ ერთი კომპანიიდან მეორეში გადასვლა ისე, რომ ნომერი არ შეიცვალონ. „პორტაბელურობის დებულებაში“ ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსთან. აღნიშნული ცვლილებები გაზრდის კონკურენციას, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებლებზე.

ახალი წესები როგორც ფიქსირებული, ისე მობილური საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შეეხება. ცვლილების შესახებ საკონსულტაციო დოკუმენტი საჯარო კონსულტაციებისა და მისი დახვეწის მიზნით კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დაინტერესებულ პირებს შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა 2022 წლის 13 მაისამდე შეუძლიათ, რის შემდეგაც კომისია განახლებულ წესებს დაამტკიცებს.

ცვლილებების შემდეგ მობილური ნომრის პორტირების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება სერვისცენტრში მისვლის გარეშე, დისტანციურად გააკეთოს განაცხადი, დაპორტირდეს მისთვის სასურველ ქსელში და ახალი სიმბარათი სასურველ მისამართზე მიიღოს.

ცვლილება ასევე ეხება ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას, რომლის მიხედვითაც, კომპანიები ვალდებული იქნებიან ფიქსირებული სატელეფონო ქსელით მომსახურებაზე პორტირებისას სააბონენტო ნომერი შეუნარჩუნონ მომხმარებელს. გეოგრაფიული სააბონენტო ნომრების პორტირება მოხდება იმავე გეოგრაფიულ ზონაში, ხოლო არაგეოგრაფიული – არაგეოგრაფიულ ზონაში.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …