კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” განცხადებას აქვეყნებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც სოფელ ნიგაზეულში განვითარებული მეწყრული პროცესი კომპანიის საქმიანობას უკავშირდება.

“კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” 2014 წლიდან ახორციელებს “შუახევი ჰესის” პროექტს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. 2020 წლის გაზაფხულზე ჰესმა ოპერირება დაიწყო და მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ყოველდღიურად მიეწოდება საქართველოს მოსახლეობას.

პროექტის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენს სოციალურ გუნდს მუდმივი კომუნიკაცია აქვს პროექტის არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან და მთელი ამ წლების მანძილზე, კომპანია ყველაფერს აკეთებდა, რომ თითოეული ადგილობრივის ინტერესი მაქსიმალურად გათვალისწინებული ყოფილიყო. გვჯერა, რომ მომდევნო ათწლეულების მანძილზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის საიმედო პარტნიორი და კარგი მეზობელი ვიქნებით.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მაღალმთიანი რეგიონებში მეწყრული პროცესები ხშირად ვითარდება, თუმცა “შუახევი ჰესის’” როგორც მშენებლობის ასევე ოპერირების ეტაპზე, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როცა მეწყრული პროცესის განვითარებასა და კომპანიის საქმიანობას შორის კავშირი ყოფილიყოს. რაც შეეხება სოფელ ნიგაზეულში ჩამოშლილ ფერდობს, მანძილი გვირაბსა ამ კონკრეტულ ტერიტორიას შორის მნიშვნელოვნად აღემატება პროექტის ზემოქმედების დადგენილ ნორმებს. ამავდროულად, სოფლის სიახლოვეს განხორციელებული ყველა სახის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა ოთხი წლის წინ.

ჩვენ გვესმის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოთქმული წუხილის და შიშების, თუმცა ვთვლით, რომ დროსთან ერთად თითოეული მათგანი დარწმუნდება, რომ “შუახევი ჰესის” პროექტის სიახლოვეს ცხოვრება უსაფრთხოა და გარდა იმისა, რომ ეს პროექტი თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში, ამავდროულად მაღალმთიანი აჭარის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს,” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …