კობა გვენეტაძე: ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრების საჭიროება დადგა

„გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის და დროებითი შოკების ამოწურვის კვალდაკვალ ინფლაცია უნდა შემცირებულიყო, თუმცა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული საომარი მოქმედებების შედეგად მაშინ როდესაც, COVID-19-ით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვების პრობლემები და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი ჯერ ბოლომდე დაძლეული არ იყო, მიწოდების ჯაჭვები კიდევ უფრო მეტად შეფერხდა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო გაღრმავდა“, – ამის სესახებ პარლამენტში გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ მიზეზების გამო მაღალი ინფლაციის პერიოდი გახანგრძლივდა, რაც ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს აჩენს და, ამიტომაც, ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრების საჭიროება დადგა.

„მიუხედავად პოლიტიკის გამკაცრების თანმდევი ეკონომიკური ზრდის შენელებისა პარტნიორ ქვეყნებში, საქართველოში საგარეო მოთხოვნა (ტურიზმისა და მიგრანტების ხარჯების ფონზე) ძლიერია, რაც მთლიანობაში მაღალ ეკონომიკურ აქტივობას უწყობს ხელს. ძლიერი მოთხოვნა, თავის მხრივ, ხელს უშლის ინფლაციის შემცირების პროცესს. მაგალითად, მკვეთრადაა გაზრდილი ქირის ფასები, რაც ინფლაციის შენელებას აფერხებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალი ნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი გამყარებულია, ინფლაციის პიკური პერიოდი გადალახულია და მისი შემცირების ტენდენციაც დაწყებულია. მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური მწვავე მოვლენები მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას მნიშვნელოვნად ართულებს. ერთი მხრივ, გლობალურად რეცესიის რისკები დგას, მეორე მხრივ კი, მწვავე ინფლაციური შოკები გრძელდება, რამაც ინფლაციური მოლოდინების ზრდაც გამოიწვია.  ასეთ ვითარებაში, და რადგანაც ინფლაციის შესამცირებლად მნიშვნელოვანია დაკრედიტების შენელება, ეროვნულმა ბანკმა, გარდა რეფინანსირების განაკვეთის ზრდისა, სხვა დამატებით ინსტრუმენტებსაც მიმართა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო მეორე მხრივ – უცხოური ვალუტის სესხები მაღალ დონეზე ნარჩუნდებოდა (დოლარიზაცია, როგორც მოგეხსენებათ, ასევე ფინანსური სტაბილურობის პრობლემაცაა). შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ აშშ დოლარით და ევროთი მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე დარიცხვა ფიქსირებულად 0 პროცენტზე შეენარჩუნებინა. ეს გადაწყვეტილება უცხოური ვალუტის დეპოზიტების მოზიდვას ნაკლებ მიმზიდველს ხდის, რადგანაც უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მართვა ხარჯიანი ხდება. ამასთან, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების განხორციელებულ ზრდას საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი აქვს. უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე, შემცირდა უცხოური ვალუტით დაკრედიტება. ამავე დროს ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომები (მათ შორის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლოს სესხების მაქსიმალური ვადიანობის 4-დან 3 წლამდე შემცირება) სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპს ეტაპობრივად შეანელებს. ეს ყველაფერი, ცხადია, საკრედიტო ზრდის შენელებას იწვევს, თუმცა ამავდროულად ინფლაციის შემცირებასაც ეხმარება, რაც ეროვნული ბანკისათვის მთავარი საზრუნავია. 2021 წელს ეკონომიკამ სწრაფი ტემპით აღდგენა დაიყო, რასაც, ერთი მხრივ, საბაზო ეფექტის, მეორე მხრივ, კი პანდემიის დროს თვეების განმავლობაში დაგროვილი მოთხოვნის გააქტიურებამ, ფისკალურმა სტიმულმა და ეკონომიკის დაკრედიტებამაც შეუწყო ხელი. მაღალი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელსაც გრძელდება. რისი მნიშვნელოვანი ხელშემწყობიც გააქტიურებული შიდა მოთხოვნაა, რომელსაც აძლიერებს  მნიშვნელოვნად გაზრდილი მიგრაციული ნაკადები და  ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკისათვის ინფლაციის მომავალ დინამიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ზემოაღწერილი ფაქტორებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ინფლაცია უკვე საკმაოდ ხანგრძლივადაა გადახრილი მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან, ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკები კვლავ ნარჩუნდება. მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, საშუალოდ, 2022 წელს ინფლაცია 11.9%-ის, ხოლო 2023 წელს კი 5.3%-ის ფარგლებში იქნება და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრას გაზრდილი მოკლევადიანი მოლოდინები და საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ნედლეულის ჯერ კიდევ მაღალი ფასები განაპირობებს. მათი კლებისა და გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე, საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნული გადახრა აღმოიფხვრება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …