კობა გვენეტაძემ ციფრული ვალუტის მნიშვნელობაზე ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრაზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრაში, რომელიც სსფ-ს და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ტარდება. ღონისძიება გასული წლის მსგავსად, წელსაც ონლაინ-ფორმატში წარიმართა. შეხვედრას რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ყოველწლიურ შეხვედრაზე მონაწილეებმა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კობა გვენეტაძემ კონფერენციის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები. დისკუსიაში მონაწილეობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონეტარული და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა ტობიას ადრიანმა და სსფ-ის მონეტარული და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის განყოფილების უფროსმა ტომასო მანჩინი გრიფოლიმ მიიღეს.

“მსოფლიო ეტაპობრივად უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას და გამოდის იმ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც კოვიდ პანდემიამ გამოიწვია. ამასთან, ჩვენ უნდა გადავხედოთ და გავაანალიზოთ თუ როგორ შეგვიძლია სამომავლოდ გავზარდოთ ეკონომიკის გამძლეობა. კრიზისმა დაგვანახა ციფრული ტექონოლოგიების მნიშვნელობა. სწორედ ციფრული ტექნოლოგიების ზრდა უსვამს ხაზს ცენტრალური ბანკის ვალუტის განახლების აუცილებლობას, ციფრული ეკონომიკის უკეთ მომსახურებისთვის და საჯარო პოლიტიკის ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის. ამასთან, CBDC-ის დანერგვამ შესაძლოა გააუმჯობესოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, ხელი შეუწყოს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვას, ფინანსურ ჩართულობას, გაზარდოს კონკურენცია საგადახდო პროვაიდერებს შორის, ასევე, გააუმჯობესოს ფინანსებთან წვდომა და გაზარდოს ფისკალური სისტემის ეფექტურობა“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ერონვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ რისკებზეც, რომელიც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის დანერგვას თან ახლავს. კობა გვენეტაძემ მონაწილეებს ეროვნული ბანკის ინიციატივით ჩატარებული კვლევებისა და საჯარო კონსულტაციების შედეგად მიღებული დასკვნები გააცნო და სესიის დასასრულს მათ შეკითხვებს უპასუხა.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …