საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო ეკონომიკურ და ფინანსური სტაბილურობის საერთაშორისო ფორუმში. ღონისძიება ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC), საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გაიმართა. მაღალი რანგის ფორუმი სოციალური ხარჯებისა და პოსტ-კოვიდური მზარდი სოციალური უთანასწორობის განხილვას დაეთმო.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნების ფინანსთა, ეკონომიკის, სოციალური უზრუნველყოფისა და განათლების მინისტრები, ასევე მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები. კობა გვენეტაძე ფორუმის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. სესიის მოდერატორი მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტი და ცენტრალური აზიის სიღარიბისა და თანასწორობის პროგრამის ჯგუფის უფროსი, ვილიამ სეიცი იყო. მომხსენებლებმა ისაუბრეს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ გავლენებზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების ხარჯებზე.
“ეკონომიკასა და საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად, უაღრესად მნიშვნელოვანია ფისკალური და მონეტარული ხელისუფლების კოორდინაცია. COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. მოკლევადიან პერიოდში, პანდემიასთან დაკავშირებული ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებისკენ მიზნობრივად მიმართული ფისკალური პოლიტიკა მონეტარულ პოლიტიკას საშუალებას მისცემს, მხარი დაუჭიროს საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის აღდგენას და, ასევე, ინფლაციურ ზეწოლასაც გაანეიტრალებს. ორი პოლიტიკის კოორდინაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენას და პოსტ-პანდემიური პერიოდის უთანასწორობის პრობლემას შეამსუბუქებს. ცენტრალური ბანკები უთანასწორობის პრობლემის მოგვარებას ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებით უწყობენ ხელს, რისი მაგალითიც საქართველოა. ქვეყანაში მოსახლეობის ვალის ტვირთი წლების განმავლობაში იზრდებოდა. ამასთან, ტენდენცია აჩვენებდა, რომ ვალს ის ოჯახები იღებდნენ, რომელთა შემოსავლის დიდი ნაწილი ისედაც ვალის მომსახურებას ხმარდებოდა. ეს კი დაბალშემოსავლიან ოჯახებს დიდ ტვირთად აწვებოდა, რადგან სესხები რისკიანი იყო, საპროცენტო განაკვეთები კი – მაღალი. ამიტომ, ვალებით ზედმეტად გადატვირთვის რისკების შესამსუბუქებლად ჯერ კიდევ პანდემიამდე პასუხისმგებლიანი დაფინანსების რეგულაციები დავნერგეთ, რამაც კრიზისის პერიოდში შინამეურნეობების მოწყვლადობა შეამცირა და ფინანსური სტაბილურობის საფრთხეები მნიშვნელოვნად შეარბილა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.