კლიმატის მმართველობის ახალი პლატფორმა უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში გაეშვა – EBRD

EBRD-ის ინფორმაციით, კლიმატის მმართველობის ახალი პლატფორმა უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში გაეშვა. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეიდან საფინანსო და არასაფინანსო კორპორაციების საბჭოს წევრებს და აღმასრულებლებს უკრაინიდან, საქართველოდან და სომხეთიდან შეუძლიათ გლობალური ქსელის ახალ ეტაპს შეუერთდნენ, რომელიც ქმედითი კლიმატის მმართველობის უკეთ გაგებასა და მიღებას უწყობს ხელს.

კიევის ეკონომიკის სკოლის (KSE) მასპინძლობით, Chapter Zero Ukraine & Caucas-ი კლიმატის მმართველობის ინიციატივის (CGI) ფარგლებში განხორციელებული უახლესი პროექტია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან (WEF) თანამშრომლობს და მხარს EBRD უჭერს.

CGI-ის 20-ზე მეტი ეროვნული და რეგიონული წარმომადგენლობისაგან შემდგარი გლობალური ქსელი ხელს უწყობს WEF-ის მიერ გამოქვეყნებული კლიმატის ეფექტიანი მმართველობის პრინციპების მიღებას. 2019 წელს დაარსებული CGI მიზნად ისახავს თავისი წევრების აღჭურვას უნარებითა და ცოდნით, რათა კლიმატის ცვლილების მართვა ხელმძღვანელობების პრიორიტეტად იქცეს.

ახალი ინიციატივა დაეხმარება ბიზნეს ლიდერებს უკრაინიდან და კავკასიის რეგიონიდან ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება კლიმატთან დაკავშირებული რისკების, მმართველობისა და ინფორმაციის გავრცელების ჩარჩოების შესახებ. ასევე, კორპორატიული სტრატეგიისა და ინვესტიციების ჩამოყალიბებაზე მუშაობაში, მაშინ, როდესაც ბიზნესი სტრატეგიულად მიმართულია წმინდა ნულოვანი ემისიების ეკონომიკაზე გადასვლაზე.

უკრაინული, ქართული და სომხური კომპანიები, რომლებიც აჩვენებენ, რომ მისდევენ მდგრად ბიზნეს პრაქტიკას, უფრო ადვილად იზიდავენ უცხოურ ინვესტიციებს. Chapter Zero Ukraine & Caucasus ყურადღებას გაამახვილებს პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გავრცელებაზე კლიმატის მმართველობის შესახებ, რათა ამ ქვეყნების ბიზნესები უფრო მჭიდროდ დააკავშიროს საერთაშორისო ბაზრებსა და კაპიტალთან.

კარინა ლიტვაკმა, კლიმატის მმართველობის ინიციატივის თავმჯდომარემ, აღნიშნა: „კლიმატის გამოწვევაზე რეაგირება უკრაინაში ომისა და რეგიონული არეულობის დროს სომხეთსა და საქართველოში შეიძლება რთულად მისაღწევი ჩანდეს – მაგრამ ალტერნატივა უარესია. სწორი რეაგირება გადამწყვეტია, როგორც უკრაინის წარმატებით აღდგენისათვის, ასევე, სომხეთსა და საქართველოში კონკურენტუნარიანი და მდგრადი ეკონომიკის განვითარებისთვის“.

„Chapter Zero Ukraine & Caucasus არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს დირექტორებს შეიძინონ უნარები, რათა კლიმატთან დაკავშირებულ ცვლილებებზე რეაგირება გამგეობის სტრატეგიის, კულტურისა და რუტინული გადაწყვეტილების მიღების განუყოფელ ნაწილად აქციონ. გაწევრიანებით, ისინი ხდებიან საერთო ინტერესების მქონე გაერთიანების წევრები თანამოაზრე დირექტორებთან ერთად, მათ ასევე შეუძლიათ ითანამშრომლონ ექსპერტებთან სტრატეგიის, რისკების მართვის, აუდიტის, ანაზღაურებისა და ანგარიშგების ძირითად სფეროებში. სიხარულით მივესალმებით ჩვენს ახალ კოლეგებს, რომ ერთად ვიმუშაოთ სტაბილური და აყვავებული უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს ასაშენებლად,“ დაამატა მან.

„როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება, KSE ცდილობს ჩვენს კლიენტებს მიაწოდოს უახლესი ცოდნა და უნარები. კლიმატის ცვლილებაზე რეაგირება გადამწყვეტია გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის და ჩვენ გვჯერა, რომ კორპორატიული მმართველობის პროცესებში მისი ინტეგრაცია სწრაფად უნდა მოხდეს. მოხარული ვართ, რომ ამ ინიციატივას ვხელმძღვანელობთ და მხარს ვუჭერთ უკრაინულ და რეგიონულ კომპანიებს, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინასთან ომის კონტექსტში“, – განაცხადა ნატალია შაპოვალმა, KSE ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.

EBRD მხარს უჭერს ამ ახალი ერთეულის შექმნას, როგორც CGI-თან პარტნიორობის ნაწილს, რათა კორპორაციების მმართველმა საბჭოებმა უკეთ იცოდნენ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს კლიმატთან დაკაშირებულმა რისკებმა მათ ბიზნესზე ბანკის მუშაობის ძირითად რეგიონებში. EBRD-მა და CGI-მ ერთად იმუშავეს ამ წლის აპრილში, კომპანიების მიერ კლიმატის მმართველობის ხელშესაწყობად, მათ შორის, არააღმასრულებელი დირექტორებისთვის ჩატარდა ტრენინგი კლიმატთან დაკავშირებულ რისკებსა და შედეგზე ბიზნესისათვის, რათა გაიზარდოს მმართველი საბჭოების შესაძლებლობები წმინდა ნულოვანი ემისიების ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში.

„EBRD-მა, მისმა პარტნიორებმა და კლიენტებმა უნდა მოახდინონ კლიმატის ცვლილებაზე რეაგირება ორგანიზაციულ დონეზე სისტემური შედეგის მისაღწევად; საბჭოს დირექტორებსა და აღმასრულებლებს კი შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ“, – განაცხადა EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველმა დირექტორმა მატეო პატრონემ.

მან ასევე დასძინა: „EBRD უკვე უზრუნველყოფს კრიტიკულ ინსტრუმენტებს და საკონსულტაციო მხარდაჭერას თავის კლიენტებისათვის კლიმატის მმართველობის, კლიმატთან დაკავშირებული რისკის მართვისა და ინფორმაციის გაზიარების პროცესის გასაუმჯობესებლად. ჩვენ გვჯერა, რომ Chapter Zero Ukraine & Caucasus წაახალისებს ინფორმირებულ დებატებს რეგიონის ბიზნეს ლიდერებს შორის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმართონ გრძელვადიანი დეკარბონიზაცია და უზრუნველყონ, რომ ბიზნესი იყოს გამძლე მომავალი ეკონომიკური ცვლილებების წინაშე.“

უკეთესი მმართველობის მიღწევასა და კლიენტებთან პროექტების დონეზე უფრო ფართო და ღრმა ჩართულობის უზრუნველყოფასთან ერთად, EBRD-ის პარტნიორობა CGI-სთან მიზნად ისახავს EBRD-ის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის (GET) მიდგომის უკეთ შესრულებას, რომლის მეშვეობითაც ბანკი გეგმავს, რომ ინვესტიციების მინიმუმ ნახევარი იყოს მწვანე 2025 წლისთვის. EBRD ასევე ახორციელებს გეგმებს 2022 წლის ბოლოსთვის კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების მიზნების სრულად შესასრულებლად,”- ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

წყარო: bm.ge

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …