“კახური ტრადიციული ჩურჩხელა” თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით წარმოებას გააფართოებს

თბილისი (BPI) – “კახური ტრადიციული ჩურჩხელა” სამი წლის წინ დაფუძნებული მცირე საწარმოა, რომელიც წლიდან-წლამდე გასაკვირი სისწრაფით ვითარდება. ამ წარმატების მიზეზი არანაკლებ გასაკვირია, რადგანაც კომპანია წარმოებისას უმარტივეს პრინციპს ეყრდნობა, რომელიც არავისთვის საიდუმლოს, სიახლესა თუ აღმოჩენას არ წარმოადგენს. კომპანია ცდილობს, მის მიერ დამზადებული ჩურჩხელა ზედმიწევნით მისდევდეს წარმოების კახურ ტრადიციას, იყოს 100 პროცენტით ნატურალური და, შესაბამისად, ხარისხიანი. ერთი შეხედვით, ამ მიდგომაში განსაკუთრებული არაფერია, აღმოჩენას ბაზარზე არსებული სიტუაცია წარმოადგენს – უამრავი მწარმოებლის შემოთავაზების მიუხედავად, ქართულ ბაზარზე ხარისხიანი ჩურჩხელა ძნელად მოიპოვება. სწორედ ეს აქცევს “კახურ ტრადიციულ ჩურჩხელას” განსაკუთრებულად.

ხარისხის შენარჩუნებას, რომელიც კომპანიის პრიორიტეტია, ხელს ისიც უწყობს, რომ “კახური ტრადიციული ჩურჩხელა” საოჯახო ბიზნესია. მარიამ ქევხიშვილის ოჯახი გურჯაანში, სოფელ კალაურში სამ ჰექტარზე გაშენებულ ვენახს ფლობს, რომლისგან მიღებული ბადაგითაც მზადდება ჩურჩხელა.

“ბადაგის დასამზადებლად მხოლოდ ჩვენი ვენახის ყურძენს ვიყენებთ. ვაზს მაღალი ხარისხის პესტიციდებით ვამუშავებთ, რაც ყურძნის და, შესაბამისად, ბადაგის ხარისხზე აისახება. ჩვენი ბადაგი ბოლომდე ნატურალურია – შაქრის, ფერის კონცენტრატის თუ სხვა ქიმიური დანამატების გარეშეა დადუღებული. შესაბამისად, ჩვენი ჩურჩხელა,სეზონის მიხედვით, ხანდახან ნაკლებად ტკბილია, რაც ნატურალურობის არასაკმარისი, მაგრამ ერთ-ერთი ნიშანია. მაგალითად, 2020 წლის მოსავალი ბუნებრივად არ იყო ტკბილი, შესაბამისად, ჩურჩხელაც ნაკლებად ტკბილი გამოვიდა. ამას მხოლოდ ნამდვილი მოყვარულები ამჩნევენ ხოლმე. ჩურჩხელის ნატურალურობის კიდევ ერთი ნიშანი მისი სირბილეა. ჩურჩხელა, კარგად გამომშრალიც კი, აუცილებლად რბილი უნდა იყოს და იოლად ტყდებოდეს. სხვა შემთხვევაში შაქარსა და წყალზე დამზადებულ ნუგბართან გვაქვს საქმე.”

ბადაგზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ჩურჩხელის შიგთავსია, რასაც საწარმოში დიდ ყურადღებას უთმობენ. შიგთავსის თხილით “კახური ტრადიციული ჩურჩხელა” საკუთარი ბაღებიდან მარაგდება, ნიგოზით კი – თელავის ბაზრიდან.

2017 წელს სატესტოდ დამზადებული 500 ჩურჩხელა მალევე გაიყიდა და მარიამ ქევხიშვილი მიხვდა, რომ ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა ნავარაუდევზე დიდი იყო. წარმოება წლიდან წლამდე იზრდებოდა და 2020 წელს კომპანიამ უკვე 4 000 ჩურჩხელა გაყიდა. მცირე მეწარმის სტატუსიც შარშანვე აიღეს და საწარმომ ჩურჩხელების მაღაზიებში შეტანაც დაიწყო. თხილის საფერავის, თხილის რქაწითელის და ნიგვზის საფერავის ჩურჩხელების შეძენა დღეს თბილისში “8000 მოსავალში”, “ბრენდ-ვაინში”, “თელავურაში” და ონლაინ პლატფორმა “ექსტრაზე” და ცხადია, “კახური ტრადიციული ჩურჩხელის” ფეისბუქ-გვერდზეც შეიძლება.

“კახური ტრდიციული ჩურჩხელა” აქტიურად გეგმავს წარმოების გაფართოებას. ონლაინ გაყიდვებისა და მაღაზიებთან თანამშრომლობის გაფართოება პრიორიტეტების მხოლოდ ნაწილია. ამის პარალელურად თავად წარმოების გამრავალფეროვნებაც იგეგმება. კალაურში 2019 წელს გაშენებული ნუშის ბაღების მოსავლით კომპანია ნუშის ჩურჩხელის წარმოების დაწყებას აპირებს. გარდა ამისა, საწარმო ბლისა და ატმის ბაღებსაც ფლობს და ამ ხილით ჩირის წარმოებაც იგეგმება.  “კახური ტრდიციული ჩურჩხელა” საჭირო ინვენტარების შეძენას თიბისის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს. 

“ამ ყველაფრისთვის ხარისხიანი დანადგარები გვჭირდება. ასევე ვაპირებთ ყურძნის საწური გაუმჯობესებული აპარატის და არსებულზე უფრო მაღალი ხარისხის ტარის შეძენას. დღემდე ყველაფერს ჩვენივე ხარჯით ვწვდებოდით, მაგრამ სამომავლო გაფართოება უკვე თიბისისთან სტაბილურ პარტნიორობას გულისხმობს და ამ მხრივ მათთან თანამშრომლობა, რომელსაც მცირე ბიზნესების აქტიური წახალისებისა და ბიზნესის მხარდაჭერის დიდი ტრადიცია აქვს, საუკეთესო შესაძლებლობად მიგვაჩინია”, – ამბობს მარიამ ქევხიშვილი.

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …