თბილისი (BPI) – თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE-ს მხარდაჭერით, რეგიონული ბიზნესფორუმები გრძელდება. აჭარისა და იმერეთის შემდეგ, ფორუმის მონაწილეები ამჯერად კახეთში შეიკრიბნენ.
ბიზნესფორუმში მონაწილეობა იმ მცირე და საშულო მეწარმეებმა მიიღეს, რომლებიც კახეთის რეგიონში საქმიანობენ.
ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს. 9 სპიკერი თიბისის ბიზნესკლიენტების წინაშე სხვადასხვა აქტუალური თემით წარდგა. სესია თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ – ნიკოლოზ ქურდიანმა გახსნა და მან ბიზნესში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა – რატომ უნდა გახდეს ყველა ბიზნესი ციფრული და რა როლი აქვს მარკეტინგს ბიზნესის განვითარებაში.
შემდეგი სპიკერი ნინო ოხანაშვილი იყო. HR-ის მიმართულებით მრავალწლიანი საკონსულტაციო გამოცდილებით, მან ლიდერობის ხელოვნებაზე ისაუბრა და შეეცადა პასუხი გაეცა კითხვისთვის – „როგორ უნდა გახდეს ლიდერი სხვებისთვის მოტივატორი?“
მცირე მეწარმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე NEXIA TA-ს მმართველმა პარტნიორმა – გელა მღებრიშვილმა ისაუბრა; აგროეკოლოგმა – დავით ბირკაძემ აგროტურიზმის შესახებ; SavvY Consulting მმართველმა პარტნიორმა – მარიამ ქოიავამ კი IFRS-ის სიახლეები, რეგულაციები და უპირატესობები გააცნო ფორუმზე შეკრებილ მეწარმეებს.
ფორუმი თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა – ალექსანდრე მაყაშვილმა დაასრულა თემით – „თავი თუ სახელი“ ანუ ნდობა, როგორც მთავარი აქტივი ბიზნესში.
ამით ფორუმის პირველი ნაწილი დასრულდა. შემდეგ მონაწილეები ინტერესის სფეროების მიხედვით, თავიანთი სურვილისამებრ ვორქშოპებზე გადანაწილდნენ. მათ არჩევანი შემდეგ თემებს შორის გააკეთეს:
· „ყურადღების მიპყრობის ერა ანუ მარკეტინგის ციფრული ტრანსფორმაცია“ – ვორქშოპი თიბისის ციფრული მარკეტინგის უფროსმა მენეჯერმა – ტატო ნორაკიძემ ჩაატარა.
· „როგორ წამოვიწყოთ ექსპორტი“ – ამ თემაზე ექსპორტის განვითარების სააგენტოდან გვანცა მელაძემ ისაუბრა;
· „სასტუმრო მასპინძლობის ინდუსტრიაში“ – სასტუმროების ბიზნესის თავისებურებეზე აგარარული უნივერსიტეტის ლექტორმა – ქეთევან ალიმბარაშვილმა ისაუბრა.
· „როგორ შევაფასოთ საოპერაციო გადაწყვეტილებები ბიზნესში“ – ამ კითხავაზე პასუხის გაცემას შალვა ახრახაძე შეეცადა, რომელიც საკონსულტაციო კომპანიის – „ფინანსური ლაბორატორიის“ მმართველი პარტნიორია.
ვორქშოპების დასრულების შემდეგ ფორუმის მონაწილეებს ერთმანეთის და მოწვეული სპიკერების უკეთ გაცნობის საშუალება ჰქონდათ. ბიზნესფორუმი აჭარისა, იმერეთის და კახეთის შემდეგ საქართველოს სხვა რეგიონებში ჩატარდება.