თბილისი (BPI) – „ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს იმ ინვესტორმა, რომელიც დღეს მუშაობს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი საინვესტიციო კლიმატის აღქმისთვის“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
დეპუტატმა მინისტრთან საკომიტეტო მოსმენის ფორმატი დაიწუნა. “საგამოძიებო ორგანოში მგონია თავი. თუ საჭიროა კომისიები შევქმნათ და იქ ვიმუშაოთ ამ რეჟიმში იმიტომ რომ ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა და არა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა”, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
ოქრიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ფოთის პორტში, სადაც ინვესტორი მგონი უკვე ათი წელიწადია, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფებია რეგიონსა და ევროპაში.
“აქამდე ქმედითი ნაბიჯები მისი მხრიდან, რომ გააკეთოს ღრმაწლოვანი პორტი, არ გადადგმულა. გამოჩნდა ინვესტორი და გამოჩნდა ახალი პროექტი, ანაკლიის პორტი. ამ პროექტმა უკვე გაიარა განსაზღვრული გზა, არის ჩადებული დიდი თანხები, გზა გავლილია მართლა და ამ დროს ფოთის პორტში ხდება სკანდალი, ეს არის სკანდალური ინფორმაციის გაჟონვა, რომ იქაც აპირებს ინვესტორი გაკეთებას. არსებობს მოტივაცია, რომ ანაკლიის პორტი არ გაკეთდეს. მოგმართავთ, როგორც დეპუტატი, როგორც ინვესტორი, მილიარდზე მეტი მაქვს ჩადებული საქართველოში, რომ ამ კუთხით არ შეექმნას პრობლემა ანაკლიის პორტს. ჩემი ინფორმაციით საკმარისი ტვირთები ორი ღრმა წლოვანი პორტისთვის საქართველოში ჩვენი კორიდორის გავლით დრეს და ახლო პერსპექტივაში არ ჩანს, აქედან გამომდინარე არავითარი ნებართვები ფოთის პორტზე არ უნდა გაიცეს და პრაქტიკულად ექსკლუზივი ან კვაზი ექსკლუზივი უნდა გაიცეს ანაკლიის პორტზე და არც ინვესტორს ექნება საბაბი უარი თქვას ამ პორტის განხორციელებაზე, ამ შემთხვევაში. ეს არის ერთადერთი გზა დღეს, რომ ანაკლიის პორტში დარჩეს ის ინვესტორი რომელიც არსებობს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.