კალაძე ტაქსების მფლობელებს ავტომობილების კატეგორიებად დროულად დაყოფისკენ მოუწოდებს

თბილისი (BPI) – 1 ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტაქსების რეფორმა სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„ტაქსების რეფორმა ჩვენს მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვინდა, რომ ქალაქში ტაქსები მოწესრიგებული, გამართული და სუფთა იყოს. ასევე, იმ ადამიანებისთვის,  ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობს, გადაადგილება აუცილებლად კომფორტული უნდა იყოს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ტაქსები A და B კატეგორიებად დავყავით. უკვე წელიწადნახევარია ამ რეფორმაზე ვსაუბრობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი გატარება. ძალიან ბევრჯერ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსაც შევხვდით. იყო ცვლილებები, განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა საერთო ჯამში, მუშაობის შედეგად, ყველა შევთანხმდით, რომ რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსით მომსახურების ნებართვის მფლობელებს, ასევე, იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ნებართვის აღება სურთ, შესაძლებლობა აქვთ, მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს მიმართონ.

მერმა მსურველებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნებართვის მისაღებად სერვისცენტრებში დროულად მივიდნენ, რომელიც თბილისის მერიის შენობაში, ასევე, ათივე გამგეობაშია განთავსებული.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პირველი ოქტომბრიდან იწყება რეფორმის მეორე ფაზა და ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია, ტაქსის ლიცენზია აიღოს  და შემდეგ, ავტომობილის კატეგორიებად დაყოფა მოახდინოს. თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება A  კატეგორიაში იყოს თუ B-ში. რა თქმა უნდა, ავტომობილი ამა თუ იმ კატეგორიის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. პირველ ოქტომბრამდე მათ შეუძლიათ მიმართონ არა მხოლოდ დედაქალაქის მერიას, ასევე, ათივე გამგეობაში შესაძლებელი იქნება სერვისის მიღება. გასულ წელს იყო ასეთი შემთხვევა, რომ ტაქსების რეფორმის პირველ ეტაპზე, მსურველების უმრავლესობა იუსტიციის სახლში ბოლო დღეებში მივიდა, სადაც საოცრებები ხდებოდა. ამიტომ, მსურველებს კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ, რომ არის 11 სერვისცენტრი – 10 გამგეობაში და ერთი მერიაში, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოხვიდეთ, ლიცენზია მიიღოთ და თქვენი ავტომობილი კატეგორიად დაყოთ. დღეს, უკვე 18 სექტემბერია და ჩემი თხოვნა იქნება, არ გადადოთ. დროულად მობრძანდით და მიიღეთ ლიცენზიები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …