თბილისი (BPI) – იუსტიციის სახლი უახლოეს მომავალში ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის ცნობის გაცემას დაიწყებს. ამის შესახებ იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოსო გიორგაძემ პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.
იუსტიციის სახლი ფილიალების მეშვეობით, დღეში 20 ათასზე მეტ ადამიანს ემსახურება და 450-ზე მეტ სერვისს აწვდის. იუსტიციის სახლის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებული სერვისების რაოდენობას კიდევ გაიზრდება, რადგან იუსტიციის სახლისთვის მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა მუდმივი პროცესია.
„რაც უფრო მეტად ვითარდება ქვეყანაში საქმიანი ურთიერთობები, ადამიანებს მით უფრო მეტად ესაჭიროებათ ახალი სერვისები. ეს ნიშნავს, რომ ამას უფრო მეტი დრო სჭირდება და ჩვენი ამოცანაა, სხვადასხვა სერვისი რაც რაც შეიძლება სწრაფად და ერთ სივრცეში მივაწოდოთ. ამიტომ იუსტიციის სახლში სერვისების რაოდენობა მუდმივად იზრდება. უფრო მეტიც, ჩვენ უკვე გადავედით არა მხოლოდ სახელმწიფო სექტორების სერვისების გაცემაზე, არამედ კერძო სექტორის სერვისების მიწოდებაზეც. ეს ისეთი სერვისებია, რაც ერთმანეთს უკავშირდება. მაგალითად, როცა ადამიანს უძრავი ქონების გადაფორმება სჭირდება, ვიცით, რომ ამას შეიძლება იქვე დაზღვევაც დასჭირდეს. კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ვთანაშრომლობთ და მათ სერვისებს ადგილზე ვთავაზობთ. როცა კერძო სექტორზეა საუბარი, შეთავაზებას ნებისმიერ სერვისზე ვაკეთებთ. სერვისის მიმწოდებელი კერძო კომპანიის შერჩევა კი, აუქციონის გზით ხდება“, – განაცხადა გიორგაძემ.
მისი განმარტებით, იუსტიციის სახლი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პარალელურად ნასამართლეობის ცნობას მიმდინარე ეტაპზე უკვე გასცემს, კიდევ დაიმატებს ცნობას ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივ მდგომარეობის შესახებ. გიორგაძის თქმით, ცოტა ხანში რამდენიმე სხვა სახელმწიფო უწყების სერვისიც აქვე იქნება ხელმისაწვდომი.
“უახლოეს მომავალში შსს-ის კიდევ ერთი სერვისი დაინერგება – ცნობა ავტოსატრანსპოროტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ამაში იგულისხმება ავტოსატრანსპორტო საშუალება იურიდიულ პირზეა რეგისტრირებული თუ ფიზიკურ პირზე; წარსულში ვინ იყვენენ მესაკუთრეები და ა.შ. ასევე ნასამართლეობის ცნობის გარდა, უკვე გავცემთ ინფორმაციას საზღვრის კვეთის შესახებ. კონკრეტულად შსს-თან თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამას გარდა, სხვა სახელმწიფო უწყებათა სერვისებიც გვექნება. ჯერ ვერ დავასახელებ, რადგან სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სერვისების დაწყების კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იუსტიციის სახლს რამდენიმე სახელმწიფო უწყების სერვისი დაემატება“, – განაცხადა გიორგაძემ.
რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლის სერვისების ხელმისაწვდომობას, გიორგაძის განმარტებით, ამის უზრუნველყოფას იუსტიციის სახლის ფილიალებისა და ე.წ. საზოგადოებრივი ცენტრების ქსელის გაფართოებით ცდილობენ. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს იუსტიციის სახლების მშენებლობა ბოლნისში, გარდაბანსა და ქარელში.
ქვეყნის მასშტაბით უკვე 22 ფილიალი და 71 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს, რომელიც ფაქტობრივად, იუსტიციის სახლის მიერ გაცემულ ყველა ტიპის მომსახურებას გასცემს. გარდა ამისა, რეგიონებში მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, აღნიშნული ცენტრები ისეთი ტიპის სერვისებსაც ითავსებენ, როგორიცაა საბანკო თუ ნოტარიული მომსახურება, ფართს უთმობს აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც და მუნიციპალიტეტსაც. ყველა ამ ცენტრში ფუნქციონირებს ელექტრონული ბიბლიოთეკა და მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი.
„ეს ყველაფერი ემსახურება იმ მიზანს, რომ სერვისი ნებისმიერი მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს იგი: იქნება ეს მაღალმთიანი რეგიონი, საზღვრისპირა სოფელი, ეთნიკური უმცირესობით დასახლებული ტერიტორია და ა.შ. ჩვენი ამოცანაა, რომ სერვისები საქართველოს ყველა წერტილში ისეთივე ხარისხით და დონით იყოს ხელმისაწვდომი, როგორც ეს თბილისის იუსტიციის სახლში. ხარისხი ჩვენი საქმიანობის ის ნაწილია, რომელიც მუდმივად განვითარების პროცესშია. ჩვენი ამოცანაა, რომ სხვადასხვა სერვისის მისაღებად მოქალაქეს ბევრი დროის და ფინანსური რესურსის დახარჯვა არ დასჭირდეს. მათთვის კომფორტული უნდა იყოს, რომ ერთ ადგილას მივიდეს და რაც შეიძლება ბევრი სერვისი მიიღოს“, – განაცხადა სოსო გიორგაძე.