თბილისი (BPI) – „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ფრეიზერის ინსტიტუტის შეფასებები ინვესტორებისთვის პოზიტიური მესიჯია“ – ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებას.
„რეიტინგის ძირითადი კრიტერიუმებში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციები აქვს. მათ შორის ბიზნეს გარემოს მიმართულებით მნიშვნელოვანია საკუთრების უფლებისა და საერთაშორისო ვაჭრობის კრიტერიუმებში წინსვლა. ამასთან, საქართველოში ვიზიტით იმყოფება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაცია და სამუშაო შეხვედრებს მართავს. ერთ-ერთი შეხვედრა ბიზნესომბუდსმენის აპარატშიც გაიმართა, სადაც დელეგაციის წევრებმა საქართველოს საინვესტიციო გარემო დადებითად შეაფასეს და რეგიონში ბიზნეს გარემოს მიმართულებით საქართველო ლიდერ ქვეყნად მოიხსენიეს. მსგავსი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების მხრიდან დადებითი შეფასებები ინვესტორების მხრიდან საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ ნდობას ამყარებს.“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ინფორმაციისთვის, ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელმა, ფრეიზერის ინსტიტუტის 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ერთი საფეხურით გაიუმჯობესა პოზიცია და მეთორმეტე ადგილზე გადაინაცვლა. ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „OECD ევრაზიის კვირეული – 2020“-ის ღონისძიებას (OECD Eurasia week 2020) საქართველოს 2020 წლის მარტში უმასპინძლებს.