ირაკლი ლექვინაძე: კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით კონკურენციის სააგენტო უფრო ეფექტური იქნება 

თბილისი (BPI) – პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი და ,,ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ’’ კანონპროექტები განიხილეს.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით აღნიშნული ცვლილებების მიღების შემდეგ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, აღსრულების ნაწილი უფრო ეფექტური გახდება და უწყების ახალი ფუნციებით აღჭურვა ხდება.

,,დღეს კონკურენციის სააგენტოს ერთ–ერთი გამოწვევა არის ეფექტური კანონმდებლობა, ახალი ცვლილებების მიხედვით ხდება ინფორმაციის გამოთხოვის მექნიზმების დახვეწა, საქმის მოკვლევის ვადების გაზრდა, ადგილზე შემოწმების მექანიზმების გამართვა, იქნება საკანონმდებლო საფუძვლები ბაზრის სხვა მარეგულირებლთან კონკურენციის საკითხებზე თანამშრომლობის ნაწილში, იხვეწება კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმები, ასევე ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სააგენტოს მართვის ინსტიტუციური მოწყობა, იქმნება 5 კაციანი მმართველობითი საბჭო, რომელსაც 5 წლის ვადით საქართველოს პრემიერ მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი’’ – განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.

,,რაც შეეხება ანტიდემპინგურ კანონმდებლობას – ეს სააგენტოსთვის ახალი მიმართულება იქნება და მისი მიზანია დაიცვას ადგილობრივი ინდუსტრიები დემპინგური ექსპანსიისგან. სააგენტო რა თქმა უნდა გამოთქვამს მზაობას აღნიშნული ფუნქციის აღსრულებისთვის, ვფიქრობთ რომ  მნიშვნელოვანია – სააგენტოს შესაბამისი საკადრო რესურსით უზრუნველყოფა და მათი მომზადება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სააგენტომ  უნდა განახორციელოს სიღრმისეული კვლევების წარმოება და რეკომენდაციის სახით წარუდგინოს მთავრობას. მეორე მიმართულება არის დემპინგის თემის კარგად გააზრება ყველა ეკონომიკური აგენტის მხრიდან რომ ყველა ტიპის საფასო უპირატესობა არ იქნას შეფასებული  როგორც დემპინგი. საბოლოო ჯამში ვფიქრობ რომ კანონპროექტში საკმაოდ დაბალანსებულია ადგილობრივი ინდუსტრიების და იმპორტიორების ინტერესები.’’ – აცხადებს ლექვინაძე.

ლექვინაძის შეფასებით ცვლილებები კონკურენციის შესახებ კანონში და ანტიდემპინგური კანონმდებლობა მომზადებულია ევროკავშირის ექსპერტების აქტიური ჩართულობით და ეფუძნება ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას. კანონპროექტებს გავლილი აქვს ძალიან ბევრი განხილვის პლატფორმა  ყველა დაინტერესებულ მხარეებთან.

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …