ირაკლი კოვზანაძე: ინფლაცია დიდი გამოწვევაა საქართველოს ეკონომიკისთვის

თბილისი (BPI) – „ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა როცა ბიუჯეტი მშპ-ს საკმაოდ ამბიციური მაჩვენებლით – 5%-იანი ზრდით იგეგმება. მივესალმები მთავრობის თამამ გეგმებს, თუმცა 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა 2020 წელს მარტივი  არ იქნება“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც  2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა გააცნო.  მისი თქმით, ბოლო მონაცემებით ინფლაციის მაჩვენებელმა 6.9%-ს მიაღწია, წლის შედეგებით სავარაუდოთ 7%-ს გადააჭარბებს. ირაკლი კოვზანაძის აზრით,  ეს ფაქტორი  დიდი გამოწვევაა საქართველოს ეკონომიკისთვის.  „ძვირი ფულის“ პოლიტიკა კი, რომელსაც ეროვნული ბანკი მიმართავს,  ინფლაციის შეკავებასთან ერთად,  ეკონომიკურ ზრდასაც შეაფერხებს.“-განაცხადა  ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილი ვერსია არსებითად არ განსხვავდება პირველადი პროექტისაგან და მასში არ არის ასახული გამოთქმული შენიშვნები თუ რეკომენდაციები.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ნოემბრის ბოლოსთვის წარმოდგენილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე საბოლოოდ იქნება შეთანხმებული საერთაშორისო ფულად-საკრედიტო ორგანიზაციებთან და მასში ოპტიმალურად იქნება ინტეგრირებული საქართველოს პარლამენტში გამოთქმული რეკომენდაციები“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.

საერთო ჯამში,  როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა,  2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი  არსებულ რეალობას ითვალისწინებს, იგი დაბალანსებული დოკუმენტია და მასში ნათლად ჩანს, რომ  ხელისუფლების პოლიტიკური კურსი მიმართულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლიანობის გაზრდის, სწრაფი და ინკლუზიური ეკონომიკური აღმავლობის და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის მშენებლობისაკენ.

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …