თბილისი (BPI) – 2019 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონე 6,9%-ზეა, მაჩვენებელი რეკორდულია 2017 წლის ივნისის შემდეგ ინფლაციის (7,1%-იანი) ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.
საქსტატის მონაცემებით, თამბაქოს გარეშე ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 6.2% შეადგინა.
რაც შეეხება თვიურ ინფლაციას, მაჩვენებელი 0.8%-ია. ამავე დონეზეა თვიური ინფლაციის მაჩვენებელი თამბაქოს გარეშე.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის ოქტომბერში გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 4.7% შეადგინა, ხოლოთამბაქოს გარეშე
წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.4%-ით განისაზღვრა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02%-ული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (26.9%), რძე, ყველი და კვერცხი (16%), თევზეული (15.8%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.4%), ასევე პური და პურპროდუქტები (11%).
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაზრდილია 13.8%-ით, რაც 0.92%-ული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (26.8%), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3%);
დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 7.3%-ით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.41%-ული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.3%);
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3%-იანი მატება, რაც 0.36%-ული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8.1%), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.1%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.7%);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 6.9%-ით, რაც 0.3%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (8.3%).