ინფლაცია მყისიერად სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე გაიზარდა და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად მთელ მსოფლიოში – ნათია თურნავა 

როდესაც ვსაუბრობთ, რომ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ამავდროულად რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვხედავთ, რა არის მიმდინარე პერიოდში ეკონომიკის ნომერი პირველი გამოწვევა – ეს არის ფასების ზრდა, მაღალი ინფლაცია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, მაღალი ინფლაცია უნდა დავინახოთ გლობალურ კონტექსტში, რადგან აქამდე, წინა პერიოდში არასდროს გვქონია მაღალი ინფლაცია და საქართველოსთვის არასდროს დასახელებულა დიდ გამოწვევად და პირიქით, ბოლო პერიოდში მაქსიმუმ 3 ან 4 პროცენტი იყო წლიური ინფლაცია.

„ინფლაცია გაიზარდა მყისიერად სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად მთლიანად მსოფლიოში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რეგიონის წინასწარი შედეგები შედეგებით, სხვადასხვა ქვეყნაში, იგივე აშშ-ში ინფლაცია ბოლო 40 წლის განმავლობაში მაქსიმუმზეა ასული.

„იგივე მაღალგანვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში – მაგალითად, გერმანიაში ბოლო 29 წლის პიკზეა ინფლაცია, ჩვენს მეზობელ თურქეთში ინფლაცია ბოლო 19 წლის განმავლობაში მაქსიმუმზეა და 36 პროცენტს აღწევს წლიური მაჩვენებლით. თან მიმდინარეობს ეროვნული ვალუტის – ლირას დევალვაციის ფონზე, როდესაც ჩვენი ეროვნული ლარი საკმაოდ მყარი და სტაბილურია. განსაკუთრებით გაძვირდა მთელ მსოფლიოში სასურსათო პროდუქცია, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, 27%-ით და მეტით არის გაძვირებული სასურსათო პროდუქცია. ასევე მთლიანად მსოფლიოში გაძვირებულია ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი. აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც ინტეგრირებულია მსოფლიო ეკონომიკაში, ვერ იქნებოდა გამონაკლისი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს არის პანდემიით გამოწვეული ეფექტი, რაც ნიშნავს, რომ არის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის პროგნოზით, გაზაფხულიდან მოსალოდნელია ინფლაციის დონის კლება და წლის ბოლომდე სრულად შესაძლებელია, რომ ისევ პანდემიამდელ ნიშნულზე დავიდეს.

„თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა არ ველოდებით ამ მომენტს და ამ ეტაპზეც ძალიან აქტიურად ვერევით ფასების დასტაბილურების, ინფლაციის მოთოკვის პროცესში. გვაქვს მთელი რიგი ინიციატივები სხვადასხვა საქონელთან მიმართებაში. ერთ-ერთი გახლავთ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომელზეც წინადადებას ჯანდაცვის ახალი მინისტრი ამზადებს. ასევე მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს საექსპორტო პროდუქციის ზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას, რაც ფასების სტაბილურობაზე აისახება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის ნაბიჯებს, რომელსაც თავისი მანდატის ფარგლებში ახორციელებს ინფლაციის მოკლე ვადაში მოთოკვის მიზნით.

„ჩვენ, ეკონომიკური გუნდი აქტიურ რეჟიმში ვმსჯელობთ, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები არის დაძლევადი, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა, ამის ხედვა და უკვე გაზაფხულიდან ველოდებით ნორმალიზაციას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …